Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაცით, 21 სექტემბერს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ. შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარალამენტარი მარინა კალიურანდი თანათავმჯდომარეობდნენ.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, სხდომას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, პაველ ჰერჩინსკი; ასევე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის ოფისისა და ევროკომისიის წარმომადგენლები; აგრეთვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი.

სხდომის თანათავმჯდომარეების სიტყვა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მისასალმებელი სიტყვისას, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ 24 ივნისს, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

„ევროპული პერსპექტივა, რაც ქვეყანას მიენიჭა, ერთი მხრივ, არის შანსი ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, მეორე მხრივ კი ეს არის ერთგვარი გამოცდა, როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა მან.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ „ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევად გზაზე დავაყენოთ“.

საქართველოს პარლამენტისვე ცნობითვე ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება „ისტორიული მომენტია“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

„თუ პოლიტიკური ძალები თავიანთ უთანხმოებას გვერდზე გადადებენ, პოლარიზაციას დაძლევენ და ერთობლივი ძალისხმევით კონცენტრირდებიან ძირითად პრიორიტეტზე – საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული იქნება“, – დასძინა მან.

ამავე ინფორმაციით, მარინა კალიურანდმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე და მის შედეგებზეც ისაუბრა.

„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებიდამი [არის ის, რომ] ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის კარი ღიაა. ეს საქართველოსთვის შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარაა, რომელიც უკრაინელი ხალხის სისხლითა და ტანჯვით არის მოპოვებული. ნუ დაკარგავთ მას“, – დაწერა 22 სექტემბერს მარინა კალიურანდმა Twitter-ზე და დაძინა, რომ „ევროპარლამენტი მხარს დაგიჭერთ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის გზაზე“.

სხდომაზე განხილული საკითხები

საქართველოს პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, სხდომაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა იყო.

ამასთან, სხდომის მონაწილეებმა შემდეგ საკითხებზეც იმსჯელეს: საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარება და საქართველოზე უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიული ომის გავლენა; საქართველოს შერიგების პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.

სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის ასევე იყო: საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია; ასოცირების შესახებ შეთანხმება, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები.

კომიტეტის სხდომის მეორე სამუშაო სესიაზე მონაწილეებმა ასევე განიხილეს: საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა დაკავშირებადობის მიმართულებით, მათ შორის, თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში; თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და ციფრული დაკავშირებადობა. მათვე დასაქმებაზე, სოციალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ოპოზიციისა და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის კომენტარები

საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომას ოპოზიციიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, აკაკი მინაშვილი და გირჩის დეპუტატი, ჰერმან საბო ესწრებოდნენ. სახალხო დამცველის ოფისს გიორგი ბურჯანაძე წარმოადგენდა.

„ევროპელი ჩვენი მეგობრები თანმიმდევრულები არიან, როგორც წინა ჩამოსვლაზე გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთად გაკეთებული საქმე ჩაგვეთვლება საქმედ, ახლაც იმავეს იმეორებენ“, – თქვა ჰერმან საბომ სხდომის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თითქმის არცერთი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის მიმართულებით სამოქალაქო სექტორს, ომბუდსმენის ოფისსა და აშშ-ის საელჩოს ჰქონდა, „არ იქნა გაზიარებული“. „ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რა გამოწვევები არსებობს სასამართლო ხელისუფლებაში“, – დასძინა მან.

შენიშვნა: „სამოქალაქო საქართველო“ აკაკი მინაშვილის კომენტარის მოპოვებასაც ცდილობს. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button