ფინანსთა სამინისტრო: სანქციებზე ჯიმ ობრაიენის ნათქვამი „ინტერპრეტირებულია“ მედიის მიერ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ობრაიენის ნათქვამს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის მისი „განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის“.
გამოცემა პოლიტიკომ 8 ივნისს დაწერა, რომ ობრაიენმა საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას იწვევენ.
„საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ სტატისტიკაც მოიხმო და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველოს საბაჟო გამშვებმა პუნქტებმა სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი და საქონლის რეექსპორტზე 800-ზე მეტი უარის გადაწყვეტილება მიიღეს.
ქვემოთ გთავაზობთ ზუსტ ამონარიდს პანელური დისკუსიის ვიდეოდან, სადაც საქართველოა ნახსენები:
კითხვა: მოდით სხვანაირად დავსვათ კითხვა. რამდენად დიდია გვერდის ავლის პრობლემა? გაქვთ მონაცემები? თქვენ ქვეყნები ახსენეთ. რამდენად დიდია ის [პრობლემა]?
ობრაიენი: ჩვენ ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ მივემგზავრები ყაზახეთში. ამიტომაც მივემგზავრები საქართველოში, სომხეთსა და სხვა ადგილებში. ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებიც დადიან თურქეთში და სხვა ადგილებში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)