Placeholder canvas
ახალი ამბები

კობახიძის თქმით, ევროკავშირი დემარშით „რადიკალური“ ოპოზიციის გზას გამოეხმაურა

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 30 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩების მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოს მთავრობისთვის გამოცხადებულ დემარშს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან მოითხოვეს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება, რაც იყო ერთგვარი სიურპრიზი“. მანვე აღნიშნა, ევროკავშირი დემარშით ერთგვარად იმ გზას გამოეხმაურა, რასაც „რადიკალური“ ოპოზიცია ამ მიმართულებით გვთავაზობს.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „რადიკალური“ ოპოზიციის მსგავსად, ჩვენი პარტნიორებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი საქართველოს მთავრობისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვდნენ, „თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა“. „სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი – ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გაიმეორა, რომ ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი – მისი თქმით, ეს იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და მეორე – „ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, უმძიმესი შედეგები“. „ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება“, – დასძინა მან.

„არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როცა სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამას, ბუნებრივია, ვერ გავაკეთებდით“.

ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამსაც უპასუხა, სადაც მან აღნიშნა – „ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!“. „რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ 200-300 მილიონად ვყიდით ღირსებას?… პირველ რიგში, ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ამას ხაზი უნდა გაესვას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან“, – განაცხადა მან.

„აქ საუბარია ბევრად უფრო მეტზე“, – თქვა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი გუნდის წევრების განცხადებები, რომ „რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას და ჩვენი ეკონომიკა პირველივე წელს დაკარგავდა მინიმუმ 10%-იანი [ეკონომიკური] ვარდნა გვექნებოდა…, რაც თანხებში ნიშნავს შემდეგს – 2.5 მლრდ [აშშ] დოლარიდან – 4.5 მლრდ [აშშ] დოლარამდე დაკარგავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“.

„კითხვა უნდა დაისვას – ვინ დაგვიკომპენსირებდა ამ თანხას? მაშინ როცა ევროკავშირისა და ამერიკის დაფინანსება სულ, წლიური, არის 200 მლნ დოლარი. ეს არ არის მთლიანად დახმარება, აქედან უდიდესი ნაწილი ხმარდება „ენჯეოების“ დაფინანსებას, რასაც წვლილი არ შეაქვს ეკონომიკაში, დიდი ნაწილი კი ბრუნდება უკან“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ბუნებრივია, ეს თანხა ვერ დააკომპენსირებდა იმ დანაკლისს, რაზეც გვაქვს საუბარი“. „ვკითხოთ სურთ თუ არა საკუთარი სამუშაო ადგილების დაკარგვა… შემოსავლების შემცირება და ა.შ.“.

ამის შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ისიც აღნიშნა, რომ „არის სპეკულაციები, თითქოს, კანდიდატის სტატუსი იქნებოდა კომპენსაცია ამ ყველაფრისთვის“. „მინდა შეგახსენოთ, რომ მოლდოვამ შარშან მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის სხვაობა ჩვენს სასარგებლოდ იზრდება 8 მლრდ დოლარით“.

„აქედან ჩანს, რომ ესეც არის ცარიელი სპეკულაციები და არავითარი კავშირი კანდიდატის სტატუსსა და ეკონომიკურ ზრდას შორის სინამდვილეში არ არსებობს“, – თქვა მან და გაიმეორა, რომ მმართველი გუნდი არ დაუშვებს „ესკალაციას და მეორე ფრონტისკენ ნაბიჯების გადადგმას და ეკონომიკურად საკუთარი ხალხის დასჯას“. „ეს იქნება არასწორი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე ეს საკითხი არ განიხილება“.

სიტყვის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველი გუნდის მიზანი ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრისკენ სვლაა, „იმისთვის რომ დავუახლოვდეთ კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტს“. „ეს არის უალტერნატივო გზა და არა ის გზა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს და სამწუხაროდ, რომელსაც ამ შემთხვევაში გამოეხმაურა ის დემარში რომელიც ეკონომიკის მინისტრთან განხორციელდა“.

„ჩვენ ვართ პასუხიმგებელი საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე და მომავალშიც ყველა ნაბიჯი პირველ რიგში გადადგმული იქნება სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – ხაზი გაუსვა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button