skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი რუსეთის მიერ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ საუბრობს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 11 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე მოსკოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ვერ გააკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, იმოქმედებს თუ არა ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. თუმცა, მისივე თქმით, „ეს აჩენს კითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის“. ელჩის განცხადებით, არავის სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქართველი მგზავრების კომფორტზე ზრუნავს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა და დასძინა, რომ უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში ასობით ათასი რუსის შემოსვლით და „ახლა გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ პირდაპირი ფრენების განახლების შედეგად, შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს“.

ელჩის შეფასებით, პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა 2008 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გაუქმებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას. მისი თქმით, რუსეთი არის „ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელმაც 1989 წელს სცადა დაენგრია საქართველოს თავისუფლება, სცადა ქართული ენის ჩახშობა 1978 წელს და საუკუნეების განმავლობაში შეურაცხყოფდა ქართულ ეკლესიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“. კელი დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც თავს დაესხა საქართველოს 15 წლის წინ.

როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ 2019 წელს აშშ-ს საელჩომ საქართველოს რუსეთთან საჰაერო კავშირების აღდგენისკენ მოუწოდა, ელჩმა დეგნანმა 2019 წელსა და დღევანდელ დროს შოროს სხვაობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება და ეს განსხვავება ის არის, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. „რუსეთმა მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინა ამ გაუმართლებელი, სასტიკი ომით, რომელიც მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის აღებას და უკრაინის იდენტობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება წინანდელთან შედარებით“, – განაცხადა ელჩმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ საქართველო არ არის დამოკიდებული რუსულ ტურიზმსა და რუსულ ბიზნესზე ისე, როგორც 2019 წელს იყო.

ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „საქართველო არ უნდა გახდეს ისევ რუსეთზე დამოკიდებული. ეს რუსეთს სახიფათო ბერკეტს აძლევს თქვენს ეკონომიკაზე და ჩვენ ბევრ სხვა ქვეყანაში ვნახეთ, როცა მოინდომებს, როგორ გამოიყენებს რუსეთი ამას თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ“. მისი თქმით, „ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა ამას, როგორი იქნება ამ პოტენციური ფრენების დეტალები, რის შემდეგაც დავადგენთ იქნება თუ არა საჭირო ექსპორტის კონტროლი ან სანქციები“.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button