Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროკავშირის დემარში საქართველოს მთავრობას რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად, 29 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ეწვივნენ.

ევროკავშირის ელჩის კომენტარი

ევროკავშირის წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროში 17:00 სთ-ზე მივიდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიცე-პრემიერთან რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის თაობაზე ძალიან „ღია და გულწრფელი“ საუბარი ჰქონდათ. „მე დამევალა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადამეცა ევროკავშირის პოზიცია – ევროკავშირის პოზიცია შეთანხმებულია 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ბრიუსელში“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მას საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა მოქმედი ელჩი ახლდა.

„ჩვენ მას [ლევან დავითაშვილს] ვუთხარით, რომ სინანულს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომ დათანხმებულიყო პირდაპირ ფრენებს რუსეთთან. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენა რუსეთში და რუსეთიდან და არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მათი ტერიტორიების თავზე გადაფრენა“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, მათ ასევე გამოხატეს შეშფოთება, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოახდინოს რუსეთის იზოლაცია მოვახდინოთ და მასზე ზეწოლა, „რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც ის უკრაინაში აგრძელებს“.

პაველ ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ვიცე-პრემიერმა მას მიაწოდა არგუმენტები, რომლებიც უკვე მოსმენილი აქვთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს სანქცირენული ავიახაზების ან თვითმფრინავების გამოყენებას“. „მაგრამ, სამწუხაროდ, ამას აკლია უფრო დიდი პოლიტიკური არსი – მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა ყველა ფრენის, ნებისმიერი თვითმფრინავის აკრძალვა რუსეთიდან და რუსეთში ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 27-ივე წევრი ქვეყნისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და შევცვალოთ მისი ქცევა უკრაინის მიმართ“, – ხაზი გაუსვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი გადაწყვეტილება იყო და რა უნდა მოემოქმედებინა ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირის ელჩმა უპასუხა: „სწორია, რომ რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთან ფრენების აღდგენა, მაგრამ ეს ასევე მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობას“.

„სწორედ ამიტომ დამევალა გადამეცა გზავნილი, რომელიც 27 წევრმა სახელმწიფომ შეათანხმა, რომ სინანულს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომ დათანხმებულიყო ამაზე“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირში საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს. „27 წევრმა უნდა გადაწყვიტოს როგორ იმოქმედებს ამგვარი ნაბიჯი საქართველოს მისწრაფებებზე გაწევრიანდეს ევროკავშირში“, – აღნიშნა მან.

ვიცე-პრემიერის კომენტარი

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია გულწრფელი დიალოგი, იმ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დღეს აქტუალურია“, – განაცხად, თავის მხრივ, ლევან დავითაშვილმა და განმარტა, რომ შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხი სწორედ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი იყო. „თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ“.

„ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოს მდგომარეობა, საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია – აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და მისი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული“, – თქვა მან და დასძინა, რომ „საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან“ და „ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური“.

ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრაზე რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზეც იმსჯელეს. მისი თქმით, ლარსის გამშვებ პუნქტთან ერთად, ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების სახით სამი ახალი დაკავშირების პუნქტი ექნება. „ისევე როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც“, – ხაზი გაუსვა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება იმაზეც გაამახვილეს, რომ“ ცალსახა არ არის პოზიციები დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც [რუსეთთან] სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით“. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს რუსეთთან ევროკავშირის ვაჭრობა 5 მლრდ ევროთი გაიზარდა, ზოგიერთი ქვეყნის რუსეთთან ვაჭრობა კი – საერთოდ გასამმაგდა, ზოგიერთის შემცირდა. „ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებთან გვქონდეს მკაფიო, ღია და გულწრფელი დიალოგი თითოეულ საკითხზე და ეს სწორად არის შეფასებული და დაფასებულიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“, – განაცხადა მან.

აღნიშნა რა, რომ „შეიძლება ჩვენ გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხზე“, ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ არ შეიძლება საქართველოს მდგომარეობის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიტუაციასთან გაიგივება, რადგანაც საქართველო ჯერ წევრი ქვეყანა არც არის და „ჩვენი კონტექსტი[ც] არის განსხვავებული და ჩვენი მდგომარეობა სპეციფიკურია… ეს იქნება უსაფრთხოების თუ ეკონომიკური კუთხით“.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button