skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფარგლებში ბრიუსელში ვიზიტს აჯამებენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ხელისუფლების მიერ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო წინაპირობების შესრულების პროცესს უწევენ მონიტორინგს 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით ადვოკატირების მიზნით ბრიუსელში მათი 22-25 მაისის ვიზიტი შეაჯამეს და იმ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც „ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან“ შეხვედრებისას გამოიკვეთა.

არასამთავრობოების განცხადებით, შეხვედრებზე მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა სხვადასხვა პრიორიტეტების შესრულებაში ხელისუფლების „ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები“, თუმცა, „სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“.

მათივე თქმით, შეხვედრებაზე ევროკავშირისა და წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა „ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა“.

უფლებადამცველების თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, „ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“. „შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით[აც]“.

ბრიუსელში გამართული შეხვედრების მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე „აგრესიული რიტორიკის დაუშვებლობას, რაც „რუსული კანონის“ გაწვევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“.

„ევროკავშირში ნათლად ხედავენ და აფასებენ ქართველი ხალხის ძალისხმევას დაიცვას ქვეყნის ევროპული კურსი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ამ მხრივ საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – აცხადებენ არასამთავრობოები და ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button