ახალი ამბები

პროტესტის ფონზე პრეზიდენტი ამბობს, რომ ლავროვის ნათესავებმა საქართველო დატოვეს

საზოგადოების პროტესტის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 20 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავებმა საქართველო დატოვეს და ისინი ქვეყანაში უკვე აღარ იმყოფებიან.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 მაისს, თბილისში პირველი რუსული თვითმფრინავის დაშვების ფონზე საზოგადოების პროტესტის პარალელურად, გუშინ გავრცელდა ცნობები, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმამ, მიკა ვინოკუროვმა თბილისში იქორწინა და ქორწილის შემდგომი წვეულების გადახდას 20 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო „Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა-ზე“ გეგმავდა. იყო ინფორმაციაც, რომ საქართველოში იმყოფებოდა თავად ლავროვის ქალიშვილი, ეკატერინა ლავროვაც, რაც თავად კურორტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად არ დაადასტურა და თქვა, რომ „ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს“ და ლავროვის გვარით სტუმარი არ უფიქსირდებათ. არსებული ცნობებით, ლავროვის შვილი მეუღლის გვარს ატარებს.

„მივიღე პირობა, შს მინისტრისგან, რომ წასულები არიან ის ოჯახი და ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის გადახდას და ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“.

ბრიფინგზე პრეზიდენტმა ხელისუფლებაც გააკრიტიკა და განაცხადა: „არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს“. მისი თქმით, „ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი ღირსება და თავისი დამოუკიდებლობა“. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არავის სჭირდება საჩუქრები და „პირველ რიგში, იმ ქვეყნისგან, რომელიც მუდამ ოკუპანტი იყო“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „არ შეიძლება, ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში ხელისუფლებამ ითამაშოს ხალხის ნერვებზე“, იმ პირობებში, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე წელიწადი და სამი თვეა ომს აწარმოებს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა, მაგრამ საზოგადოებას ამაზე მეტი არ შეუძლია“. მისი თქმით, „ხელისუფლებას, მთავრობას თავისი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. პირველ რიგში, ის, რომ საზღვარი იყოს დაცული“. სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება იმის თაობაზეც გამოხატა, რომ მთავრობამ ვითომდა არ იცოდა სანქცირებული პირების საქართველოში შემოსვლის შესახებ. „რას ნიშნავს არ ვიცოდით ვინ შემოვიდა?“

პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ „საჩქაროდ შემოიტანოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ სანქცირებული პირების სია და ყველა საზღვარზე ამ სიით იხელმძღვანელონ, რათა არ შემოვიდნენ სანქცირებული პირები“. მისივე თქმით, საჭიროა უფრო მეტად იყოს დაცული ეს ქვეყანა, „ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული“.

პრეზიდენტის თქმით, იგი ასევე ბოიკოტს უცხადებს კომპანია ,,აირზენას“, რადგანაც ეს არის კომპანია, რომელიც „გასამდიდრებლად სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი… და ახლა, უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით“. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იგი არ ისარგებლებს ამ კომპანიით და არ გაამდიდრებს კომპანიას, რომელიც „ფულის გულისათვის ყველაფრისათვის მზადაა – ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“. პრეზიდენტი კომპანია „აირზენას“ მფლობელს, თამაზ გაიაშვილს გულისხმობდა, რომელმაც დღეს თქვა, რომ ყველა გახარებულია ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით.

საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია ქართველები ქსენოფობიაში დაადანაშაულო განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათ ბოლო 18 თვის განმავლობაში ოკუპანტი რუსეთიდან ასიათასობით მიგრანტი მიიღეს და „მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს რუსეთისათვის ჩვეულებრივი თემაა, როცა ვითომც თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყანაში“.

პრეზიდენტის ბრიფინგამდე, სასტუმროსთან, სადაც რუსეთის მოქალაქეები საქორწინო წვეულებისთვის ემზადებოდნენ, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. სასტუმროს პერიმეტრზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული, მათ აქციის მონაწილეებს სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 20-მდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და აქტივისტი დააკავეს, მათ შორის, პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია. შსს-ს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

დღეს, პარლამენტის შენობის წინ 18:00 სთ-ზე რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქცია განახლდა.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 20 მაისს, 20:30 სთ-ზე პრეზიდენტის სრული ტექსტითა და ყვარელში გამართული საპროტესტო აქციის შესახებ დეტალებით განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button