პოლიტიკური შემოწირულების თითქმის ნახევარი კვლავ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული ბიულეტენით, 2023 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 640 569 ლარის შემოწირულება მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი – 300 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
201 000 ლარით, პოლიტიკური შემოწირულებებით მეორე ადგილაზეა „ლელო საქართველოსთვის“. შემდეგ მოდიან: „ევროპული საქართველო“ – 84 299 ლარით; „კონსერვატიული მოძრაობა“ – 21 724 ლარით და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7 650 ლარით.
რაც შეეხება შემწირველების რაოდენობას, აქ „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 88-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა ამ შემოწირულებების უმრავლესობა მცირე თანხებს შეადგენდა.
„ქართული ოცნების“ შემომწირველთა მიმოხილვა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, მიუხედავად თანხობრივი უპირატესობისა, საანგარიშო პერიოდში, მმართველ პარტიას ჯამში სულ 8 შემწირველი ჰყავდა, საიდანაც 6 ბათუმელი ბიზნესმენია. მათგან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს.
საანგარიშო პერიოდში, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 45 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, წარსულში კი – სულ 230 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
ამასთან, ამავე პერიოდში მმართველი „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 21 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი – მათ სულ 2 მილიონი ლარის პირდაპირი შესყიდვები აქვთ მიღებული.
„ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმაც. „ეს თამაზაშვილის მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული მე-14 შემოწირულება იყო, ჯამში მას 78 000 ლარზე მეტი აქვს პარტიისთვის შეწირული“.
აუდიტის სამსახურის რეაგირება
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბიულეტენის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 საქმეს განიხილავს, რომლებიც სხვადასხვა პარტიის მიერ საფინანსო დეკლარაციების, შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის და საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიშების წარმოუდგენლობას ეხება.
გარდა ამისა, ორ პარტიას – „ტრიბუნას“ და „შეცვალე საქართველოს“ წლიური დეკლარაციის წარმოუდგენლობისთვის შენიშვნა გამოუცხადეს, ხოლო პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/02/2023 – „TI საქართველო“: პოლიტიკური შემოწირულებების 50% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
- 17/11/2022 – „TI საქართველო“: ფულადი შემოწირულებებით ქართული ოცნება ლიდერობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)