„TI საქართველო“: პოლიტიკური შემოწირულებების 50% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული ბიულეტენის თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 742 230 ლარის შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 50% – 370 000 ლარი მმართველ პარტია – „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.
პოლიტიკურ შემოწირულებებში 158 098 ლარით მეორე ადგილზე იყო ულტრანაციონალურისტური და ულტრაკონსერვატიული პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა“; მესამეზე – 151 337 ლარით – „ლელოს საქართველოსთვის“, მეოთხეზე – 42 255 ლარით – „ევროპული საქართველო“; მეხუთეზე „ევროპრლი სოციალისტები“ – 5 100 ლარით.
მმართველ პარტიას ფულს მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები სწირავენ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, „ქართული ოცნების“ შემწირველთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მსხვილი ბიზნესჯგუფები იყვნენ. ამის ერთ-ერთ მკაფიო მაგალითად ორგანიზაცია ბიზნესმენებს – გიორგი ჭყონიასა და მალხაზ დუმბაძეს ასახელებს და ამბობს, რომ ისინი 2016 წლიდან ყოველი არჩევნების წინ, ერთსა და იმავე დღეს მმართველ პარტიას ათეულობით ათას ლარს სწირავდნენ. „2012 წელს ამ წყვილმა მაშინდელ მმართველ პარტიასთან [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] აფილირებულ ორგანიზაციას („საქართველო არ იყიდება“) 75 000 ლარი შესწირა“.
„გამჭვირვალობის“ განმარტებით, ჭყონიას და დუმბაძეს საერთო ბიზნესინტერესებიც აქვთ. მაგალითად, პირველი შპს „გზაში“ წილის 100%-ს ფლობს, მეორე კი – დირექტორია. „ამ კომპანიას 222 მლნ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული და 9.5 მლნ ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიღებული, [საიდანაც] თითქმის ნახევარი (102 მლნ ლარის), უკანასკნელ 4 თვეზე მოდის“.
„ამავე პერიოდში, ჭყონიას სხვა კომპანიებს („შატო კვირიკეს“ და „ბათუმი ცენტრალს“) გამარტივებული შესყიდვით 51 112 ლარის კონტრაქტები აქვთ მიღებული“, – ნათქვამია ბიულეტენში სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ჭყონიას კომპანიებს დაფინანსება სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებშიც აქვთ მიღებული.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მლნ ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, და 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.
„საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არცერთი პარტიის ან შემომწირველის მიმართ სანქცია არ გამოუყენებია“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)