skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველო“: ფულადი შემოწირულებებით ქართული ოცნება ლიდერობს

პარტიათა პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) მიერ 16 ნოემბერს გამოქვეყნებული საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბერის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 1 944 073 ლარის შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 34% (666 000 ლარი) ქართული ოცნების იყო.

საანგარიშო პერიოდში, ქართული ოცნების შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულება – 393 611 ლარი – ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ მიიღო. შემდეგ მოდიან: ლელო საქართველოსთვის 370 600 ლარით; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 212 907 ლარით; ევროპული საქართველო – 130 484 ლარით; დროა – 63 927 ლარით.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG)

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ქართულ ოცნებას ფული უმეტესად პარტიასთან ან მის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა მსხვილმა ბიზნესჯგუფებმა შესწირეს.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „ქართუ ბანკთან“ და „ქართუ ჯგუფთან“ „სხვადასხვა სახით“ დაკავშირებულმა პირებმა – ნატო ხაინდრავამ, ზურაბ გოგუამ და გოჩა ჩიკვილაძემ ერთსა და იმავე დღეს ქართულ ოცნებას ჯამში 100 000 ლარი შესწირეს. მათვე წარსულში „ოცნებისთვის“ 840 000 ლარამდე აქვთ შეწირული.

გარდა ამისა, ქართულ ოცნებას ერთსა და იმავე დღეს ასევე ჯამში 100 000 ლარი შესწირეს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ და მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემაც. მათვე წარსულში ქართული ოცნებისთვის 170 000 ლარი აქვთ შეწირული.

„ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმაც. „გასულ წლებში მას 12-ჯერ აქვს მმართველი პარტიის სასარგებლო შემოწირულება გაღებული, ჯამში – 57 185 ლარი“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG)

სხვა ფაქტები

საანგარიშო პერიოდში, მმართველი პარტიის შემომწირველ ან შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ტენდერი არ მოუგია. თუმცა, ამავე პერიოდში, 2 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღო ქართული ოცნების შემომწირველმა ან შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიებმა.

ამასთან, „მიმდინარე წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე თანხების არასწორი დეკლარირებისა და არაფულადი შემოწირულების დამალვისთვის კონსერვატიული მოძრაობა 217 000 ლარით დააჯარიმა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button