ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის მუხლით გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვლის გარდაცვალების საქმეზე ტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების საფუძველი ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც იგი ამბობს, რომ მას ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის შესახებ გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
საგამოძიებო უწყების 2 მაისის განცხადებით, სერგო შუბითიძე, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს, 2 მაისს უნდა მივიდეს, 2020 წელს, ბაჩალიაშვილის გარდაცვალებისას, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი იყო და მან ხსენებულ საქმეზე მოწმის სახით მხოლოდ 3 პირი გამოკითხა და 20-მდე ოქმი შეადგინა. „თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“, – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურისვე თქმით, შუბითიძის გამოკითხვის შემდეგ, მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას სამართლებრივ შეფასებას მისცემენ და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებენ. განცხადებაში საგამოძიებო უწყება ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებულ ყველა საგამოძიებო პროცედურას კიდევ ერთხელ აღწერს და დასძენს, რომ მოპოვებული მტკიცებულებებით თვითმკვლელობის გარდა პროგრამისტის გარდაცვალების სხვა არცერთი ვერსია არ დადასტურდა.
რა თქვა საქმის ყოფილმა გამომძიებელმა?
ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეთერში 29 აპრილს გავიდა, სერგო შუბითიძე ამბობს, რომ მას საქმეზე სამართლის დადგომის მიზანი აქვს. „თუნდაც მყარი მტკიცებულება იყოს იმ მხრივ, რომ თუნდაც თავი მოიკლა, მაგრამ მე ნამდვილად არ მჯერა ეს და რა გითხრათ სხვა, არ ვიცი“, – თქვა მან და დასძინა „მე არ მინდა, რომ მარტო მე ვატარო ეს ტვირთი, სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით“. „ფორმულასვე“ ცნობით, მათთან ინტერვიუს შემდეგ, შუბითიძემ თანამდებობა პირადი პატაკის საფუძველზე დატოვა.
შუბითიძის მონაყოლით, როდესაც პროგრამისტის გვამი იპოვეს, ის დასიებული იყო, მატლებით სავსე და „ფაქტობრივად, ლპობაში იყო წასული“. „იყო ვერსიები, რომ, შესაძლოა, მანქანაში ბუზი შეფრინდა, მაგრამ მანქანის ყველა საქარე მინა ხომ აწეული იყო? განა რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო?“, – იკითხა მან და თქვა, რომ იგი უფრო იმ ვერსიას ემხობა, რომ „გვამი თავდაპირველად, შესაძლოა, იყო მიწაზე“ და მანქანაში შემდეგ მოათავსეს.
მისივე მონათხრობით, საქმის გამოძიება პირადად მან დაიწყო და მას გვამის ექსპერტიზის შესახებ დადგენილების დაწერა დაავალეს, რა დროსაც მასთან თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს მოქმედი თანამშრომელი, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, რომელმაც მას შემთხვევის ადგილზე მტკიცებულების სახით ამოღებული ბაჩალიაშვილის დაულუქავი ტელეფონი და ლუქი მიუტანა და მისი დალუქვა სთხოვა. „ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, რადგან თუკი ტელეფონი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ის ადგილზევე უნდა დალუქულიყო. მეწყინა, გამოდის, რომ რაღაცა ცუდს ვაკეთბდი. ამაზე პრეტენზია რომ გამოვთქვი, მითხრა, რომ შემეძლო დამერეკა ხელმძღვანელობისთვის“, – თქვა მან და განმარტა, რომ ამის შემდეგ მისთვის დეტალები აღარ უკითხავს, ტელეფონი დალუქა და უკან გაატანა.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ყოფილი გამომძიებლისთვის კითხვის ნიშნებს ბადებს, ის გარემოებაა, რომ როდესაც მან ოქმის საფუძველზე ბაჩალიაშვილის ტელეფონი გახსნა და მისი დათვალიერება დაიწყო 2020 წლის 18 ივლისამდე ვერც ზარები აღმოაჩინა და ვერც მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ეს მისივე თქმით, გასაკვირია, რადგანაც გარდაცვლილის საქმიანობიდან გამომდინარე, „წესით უნდა ჰქონოდა წინა რიცხვებითაც ზარები შემოსული“.
თავად ელგუჯა აპუაშვილმა, რომელიც „ფორმულას“ ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან რამდენიმე თვეში დააწინაურეს და ახლა თეთრიწყაროს პოლიციის საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილეა, „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ მომხდარიდან ბევრი დროა გასული და დეტალები არ ახსოვს.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/09/2020 – პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები გამოაქვეყნა
- 04/09/2020 – პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს აქვეყნებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)