ახალი ამბები

პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს აქვეყნებს

4 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და ბიოლოგიურ-გენეტიკური ჩატარებული ექსპერტიზის დასკვების შედეგად გამოჩენილ ახალ დეტალებზე გაავრცელა განცხადება .

პროკურატურის თქმით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილის სხეულში, კერძოდ კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავებში, თირკმლებსა და კუნთებში წნევისა და საძილე პრეპარატების, ასევე ტკივილგამაყუჩებლების კვალი აღმოჩნდა. დასკვნაში ნათქვამია, რომ „გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე“.

პროკურატურის განცხადებით, ქიმიური ექსპერტიზა ადასტურებს, რომ 23 წლის ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების კვალი მის ავტომობილში ნაპოვნი აბების და ფირფიტების იდენტურია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 ივლისს, სხვადასხვა აფთიაქში, ბაჩალიაშვილმა შეიძინა 20 საძილე აბი, 28 აბი ანტიდეპრესანტი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატის 60 და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის 12 აბი.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბოთლებზე, წამლების შეფუთვებსა და ფირფიტებზე, ასევე ავტომობილის სხვადასხვა ნაწილებზე და პირად ნივთებზე აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშები თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

პროკურატურა ამბობს, რომ ტრასოლოგიურმა ექსპერტიზამ ვერ იპოვა გარდაცვლილის ტანისამოსზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება.

პროკურატურის განცხადებას თან ერთვის ვიდეო მასალა იმ აფთიაქებიდან, რომლებსაც ბაჩალიაშვილი პრეპარატების შესაძენად სტუმრობდა.

პროკურატურის განცხადებას ექსპერტიზის თაობაზე გარდაცვლილის ოჯახი გამოეხმაურა. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

„არანაირი თვითმკვლელობა. აქამდე თვითმკვლელობას იძიებდნენ? თვენახევარი დასჭირდათ ამის გამოსაკვლევად?” – განაცხადა გარდაცვლილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ პროკურატურას სათანადოდ არ დაუმტკიცებია, იმყოფებოდა თუ არა ბაჩალიაშვილის მანქანა მისი გაუჩინარების დღიდან პოვნის დღემდე ერთსა და იმავე ადგილას. ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ასევე ამტკიცებს, რომ პროკურატურის მიერ დასახელებული რაოდენობის აბების მიღებას ბაჩალიაშვილი ფიზიკურად ვერ შეძლებდა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ავტომობილში, გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ. გარდაცვლილის ოჯახმა პოლიცია უმოქმედობასა და არაკეთილსინდისიერ პრაქტიკაში დაადანაშაულა.

ბაჩალიაშვილის საქმისადმი რამდენიმე კვირაა საზოგადოებისა და მედიის ინტერესი არ ცხრება. ტელევიზია „ფორმულას” მიერ გასულ თვეში მოპოვებული ინფორმაციით, გამოძიებასთან ახლოს მყოფმა ანონიმურმა წყარომ მათ აუწყა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტი მის მიერ სამ მაღალჩინოსანზე შემთხვევით აღმოჩენილ კომპრომატებს ემსხვერპლა. იმავე წყაროს ცნობით, ბაჩალიაშვილი მიიტყუეს, დაემუქრნენ და მოკლეს, შემდეგ მისი სხეული მის ავტომობილში მოათავსეს, თვითონ ავტომობილი კი იმ ადგილას გადაიტანეს, სადაც სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, საკუთარი კვალი კი წაშალეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button