ახალი ამბები

პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები გამოაქვეყნა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 18 სექტემბერს ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა.

პროკურატურაში დღესვე საქმესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზეც გააკეთეს განმარტებები, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ გამოქვეყნებულ სატელიტის ფოტოებზე, ასევე ბაჩალიაშვილის სავარაუდო ჰაკერულ საქმიანობაზე.

სამედიცინო დასკვნა

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი „უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია“. ამავე დასკვნის თანახმად, გარდაცვლილმა მედიკამენტები დალევის გზით მიიღო და არა ინექციით. პროკურატურისვე ცნობით, „ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის, ინექციის კვალი არ აღენიშნება“.

სატელიტიდან გადაღებული ფოტოები

18 ივლისს გაუჩნარების შემდეგ, ახალგაზრდა პროგრამისტი სამი დღის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის ოჯახმა თვითმკვლელობის ვერსია თავიდანვე გამორიცხა, გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და პოლიცია უმოქმედობასა და გულგრილობაში დაადანაშაულა.

ცოტა ხნის წინ, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სატელიტიდან გადაღებული ორი ფოტო გამოაქვეყნა და თქვა, რომ ფოტოების თანახმად, ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას, სადაც ახალგაზრდა პროგრამისტის ცხედარი იპოვეს, არც 18 და არც 22 ივლისს იდგა.

ბრალდების საპასუხოდ, პროკურატურამ განმარტა, რომ „ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით“ დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი“.

რამიშვილმა ფოტოების ფალსიფიცირება კატეგორიულად უარყო და პროკურატურას იმ პირის ვინაობა დაუსახელა, რომლისგანაც მან ისინი მიიღო.

Google-ის ანგარიშის ე.წ. „თაიმლაინი“

პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის Google-ის პირადი ანგარიში ე.წ. „თაიმლაინის“ დათვალიერების შედეგად დადასტურდა, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი და 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე. საგამოძიებო უწყებისვე თქმით, ამავე „თაიმლაინის“ მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილი მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა, საიდანაც შემდეგ თეთრიწყაროს მიმართულებით გადაუხვია, შემდეგ იგი სოფელ მაწევანისკენ უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე  ჩერდება. „აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „თაიმლაინის“ მიხედვით, ბოლო ლოკაციაა“, სადაც 22 ივლისს მისი ცხედარი იპოვეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტის ვიდეოჩანაწერებითაც დასტურდება.

სავარაუდო ჰაკერული საქმიანობა

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის სავარაუდო ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, პროკურატურაში განმარტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბაჩალიაშვილის კუთვნილ  პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ მობილურ ტელეფონში ე.წ. „ჰაკერული“ ტიპის პროგრამები არ აღმოჩნდა. ამავე განცხადებით,  კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად ისეთი პროგრამები და პროექტები აღმოჩნდა, რომლებზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფეროც არის ვებპროგრამირება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button