
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება ედებათ ბრალად
საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის და ერთ დროს მისი თანამოაზრის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
29 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, მან 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.
ორივე პირს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც დიდი ოდენობის ფულის გათეთრებას ითვალისწინებს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English