ევროპელი სოციალისტების პარტიას კონსერვატორთა კონფერენციასთან „ოცნების“ დაახლოება აშფოთებს
ევროპელი სოციალისტების პარტიაში (PES) გაერთიანებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები 28 აპრილს ონლაინ ფორმატში შეიკრიბნენ და, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიის დამკვირვებელი წევრის, „ქართული ოცნების“ გარშემო არსებული ვითარება განიხილეს. PES-მა სერიოზული შეშფოთება გამოხატა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი ქმედებებისა და განცხადებების გამო. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირას პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) გეგმავს სიტყვით გამოსვლას.
4-5 მაისს დაგეგმილ კონფერენციას უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს CPAC-თან თანამშრომლობით. 1974 წელს დაარსებული კონსერვატიულ-პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია კონსერვატორთა ყველაზე დიდი და ყველაზე გავლენიანი შეკრებაა, რომელიც აერთიანებს აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს აშშ-ში. ამ მოვლენამ უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობისა და სამოქალაქო თავისუფლებების თაობაზე კითხვები აღძრა.
PES-ის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა ჯაკომო ფილიბეკმა განაცხადა, რომ „თუ პრემიერ-მინისტრს PES-ის დამკვირვებელი პარტიიდან ვიქტორ ორბანთან და ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციასთან სურს ღირებულებების გაზიარება, მაშინ ჩვენ ოფიციალურად უნდა განვიხილოთ ამ პარტიის სტატუსი“.
„ქართული ოცნების“ დამკვირვებელ წევრობასთან დაკავშირებული საკითხი მანამდე PES-ის პრეზიდენტმა სტეფან ლოფვენმა მარტში გამართულ შეხვედრაზე დააყენა, ხოლო მისი განხილვა და გადახედვა თავმჯდომარეობის მომდევნო შეხვედრაზე, 2023 წლის ივნისში იგეგმება.
მას შემდეგ, რაც PES-მა შეშფოთება გამოთქვა „ქართული ოცნების“ ორბანთან დაახლოებისა და პრემიერმინისტრის კონსერვატორთა კონფერენციაში მონაწოლეობის გამო, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ ურთიერთობების გადახედვაზე, თუ ვიღაცისთვის მიუღებელია ის, რომ „ქართული ოცნება“ იღებდეს კონფერენციაში მონაწილეობას, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულის პატივისცემაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა საუბარი“.
მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტია ყველა ჯგუფის უფლებებს იცავს, მაგრამ „უარს არ ამბობს ეროვნულ იდენტობაზე“ და „არ ეწევა პროპაგანდას“. მისივე თქმით, ამ მიზეზების გამო მიუღებელია მათთან თანამშრომლობის შეჩერება.
პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ წლის ბოლოს, ესპანეთში დაგეგმილ ყრილობაზე „ქართულ ოცნებას“ იმ ბოლო ერთობიდანაც გარიცხავენ, სადაც ის ჯერ კიდევ ფორმალურად წევრია. „ქართული ოცნების თავისივე ოჯახის მიერ კლუბიდან გარიცხვა, ეს იქნება მართლაც საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლების სამსჯავროზე“, – აღნიშნა მან. გეგელიას თქმით, „ქართული ოცნების“ გარიცხვას პოლიტიკური ალიანსიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს წევრ პარტიებს შორის და გადაწყვეტილებას ალიანსის მთავარი პოლიტიკური ლიდერებიც ემხრობიან. „შედეგად, მათ უკვე ფორმალურადაც აღარ ეყოლებათ არცერთი მეგობარი ევროპულ პოლიტიკურ ასპარეზზე და არც კონკრეტულად ევროპის პარლამენტში“, – განაცხადა გეგელიამ და დასძინა, რომ „როგორც ჩანს, ასეთი იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო დღეები: დასანქცირებული აშშ-ს მიერ, გარიცხული ევროპული პოლიტიკიდან, უარყოფილი ქართველი ხალხისგან, ქებული ლავროვის მიერ“.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/10/2022 – ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს სტუმრობს
- 29/07/2022 – ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)