skip to content
ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკიდან ბუდაპეშტს ესტუმრა, სადაც იგი 29 ივლისს, უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები უნგრეთის მიერ საქართველოს იმ ქვეყნების სიაში შეყვანაზე შეთანხმდნენ, რომელთა მოქალაქეებიც უნგრეთში გამარტივებული წესით განსაზღვრული დროის განმავლობაში მუშაობის ნებართვას მიიღებენ.

„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მხარეები დამატებით იმუშავებენ უნგრეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მიმართულებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იმსჯელეს, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.

„მინისტრები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარების შესახებ, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს გახსნის „ეკონომიკური და სავაჭრო“ მიმართულებით.

ამავე ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრა. საგარეო უწყების ცნობით, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია [და] ეს გახლავთ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის და იმ მაღალი დონის ინტეგრაციის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის მინისტრს, გერგელ გულიაშსაც შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button