„ზიანდება ქვეყნის იმიჯი“ – პრეზიდენტი ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 7 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის დასაქცირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამით „ზიანდება ქვეყნის იმიჯი“.
ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მას „არ უხარია“ და „კიდევაც განიცდის“ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რადგან მისთვის „ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა“. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მისი „განცდები“ დღევანდელი შეხვედრისას, აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსაც გაუზიარა.
„ვწუხვარ, რომ საქართველო იწერება სხვა სანქცირებული ქვეყნების სიაში. ეს მაშინ, როცა საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება (კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე) და ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა – „ამიტომ, არც ნიშნისმოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა, ყველაზე, ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი“.
პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ „მეგობარმა ქვეყანამ შეიძლება დაუნდობლად გვითხრას სათქმელი“, მაგრამ ჩვენ ამაზე „კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია“. „არამედ გავაანალიზოთ, რა მოხდა, რატომ და რა არის გამოსასწორებელი და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ და ძალიან გაგვიხარდება“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე ხაზგასმით თქვა, რომ „ქვეყანა ნამდვილად ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი [მოსამართლეთა სანქცირება] პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი გახდეს არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში“.
ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სანაცვლოდ „საჭირო არის ქმედითი ნაბიჯები“, „ეს იქნება [მოსამართლეთა მიმართ ბრალდებებზე] სრული გამოძიება, თუ გადახედვა იუსტიციისუმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა“. „რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას“.
„ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, თუ რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ „სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო [სისტემის] რეფორმის აუცილებლობას“.
„ასევე ვაცნობიერებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს“, – აღნიშნა მანვე.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/04/2023 – კელი დეგნანმა „მთავართან“ და „იმედთან“ ინტერვიუში მოსამართლეთა სანქცირებაზე ისაუბრა
- 07/04/2023 – სანქცირებული მოსამართლეების თემაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართა
- 06/04/2023 – არასამთავრობოები „მხარს უჭერენ“ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე გადაწყვეტილებას
- 06/04/2023 – პოლიტიკოსები აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანებიან
- 06/04/2023 – სანქციონირებული მოსამართლეები ბრალდებებს ეხმიანებიან
- 06/04/2023 – ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს
- 06/04/2023 – კობახიძე მოსამართლეთა სანქცირებაზე: „სახელმწიფო მდივანი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“
- 06/04/2023 – დარჩიაშვილი ბლინკენს: „გაუგებარი და მიუღებელია“ აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)