ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს
მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციამ 6 აპრილს მოუწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ რიგგარეშე პლენარული სხდომა მოიწვიოს. ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ გაიმართოს კენჭისყრა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში „კლანური მმართველობის“ კუთხით არსებულ წუხილებს მოაგვარებს.
ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ მოსამართლეთა სანქცირების საკითხზე რეაგირების ნებისმიერი შეფერხება შეიძლება საზიანო იყოს საქართველოს პროგრესისთვის და პარლამენტის თითოეულმა წევრმა უნდა იმოქმედოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძველზე. „უმოქმედობა მხოლოდ გაახანგრძლივებს სანქციებს და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას“. ოპოზიციის წუხილები დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ გააჟღერა.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის მხარდაჭერა იქნება გზავნილი აშშ-ისთვის, რომ ქართველი ხალხი და დემოკრატიული ოპოზიცია მათი ძლიერი მოკავშირეები არიან. მისივე თქმით, სტრატეგიული მოკავშირეების პოზიცია დღეს გადამწყვეტია საქართველოსთვის თითოეული მოქალაქისთვის.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „ამ კომისიისთვის მხარდაჭერა ტესტი იქნება ნებისმიერი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის“. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამო საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება რისკის ქვეშაა. დეკანოიძემ ხაზი გაუსვა, რომ გადამწყვეტია, საქართველოს ჰჰქონდეს „დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებელი მოსამართლეებით“. მისივე თქმით, სწორედ ამაზე ამახვილებენ ყურადღებას ვენეციის კომისია, ევროპული საბჭო, ევროკავშირი და ახლა უკვე ამერიკელი პარტნიორები.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)