ახალი ამბები

არასამთავრობოები „მხარს უჭერენ“ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე გადაწყვეტილებას

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40-ზე მე ადგიობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3 მოქმედი და 1 ყოფილი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „მხარს უჭერს სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას“.

„გავლენიანი მოსამართლეების მიმართ სანქციების გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მწვავეა მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალური გავლენებისა და კლანურობის პრობლემები. ამ პროცესებით რეპუტაციული ზიანი ადგება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას, საქართველოს მოქალაქეებს კი ეზღუდებათ სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უფლება“, – ნათქვამია კოალიციის მიერ 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციების თქმით, ისინი უკვე წლებია ქართული მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანის მმართველობას მიიჩნევს. „კლანი ალიანსშია ხელისუფლებასთან და პოლიტიკური ინტერესების მქონე საქმეებზე გადაწყვეტილებას იღებს არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მის საზიანოდ, ვიწრო პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად. სანქცირებული მოსამართლეები სწორედ ამ ჯგუფს წარმოადგენენ“.

კოალიციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძისა და ირაკლი შენგელიასგან განსხვავებით, ვალერიან ცერცვაძე ამ ეტაპზე მოქმედი მოსამართლე არ არის, მას „მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ სისტემის შექმნაში“. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“.

არასამთავრობოების თქმით, „სამწუხაროდ“, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პრიორიტეტის ფონზეც კი, მმართველმა პარტიამ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმისთვის. „მეტიც, უკანასკნელ პერიოდში გავლენიანმა მოსამართლეებმა უფრო მეტად გაიმყარეს პოზიციები. რეფორმები, რომლებიც ბოლო წლებში გატარდა სისტემაში, ცალსახად ემსახურებოდა კლანის გავლენების გაძლიერებას და მიმართული იყო ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“.

ამდენად, კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ პარტიას:

  • შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაცია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და განახორციელოს მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა;
  • გადადგას რეალური ნაბიჯები კლანური მმართველობის დასასრულებლად მართლმსაჯულების სისტემაში;
  • დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი არამოსამართლე წევრები, ამავდროულად შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების არსებული წესი

კოალიცია შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოსამართლეთა მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე შესახებ სამართლებრივი შეფასების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button