skip to content
ახალი ამბები

კელი დეგნანმა „მთავართან“ და „იმედთან“ ინტერვიუში მოსამართლეთა სანქცირებაზე ისაუბრა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 6 აპრილს ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირების მიზეზებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.

კელი დეგნანმა მიმოიხილა აშშ-ის 30-წლიანი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ისაუბრა იმ სფეროებზე, რომლებშიც აშშ ამ მხარდაჭერას ავლენს. ამასთანავე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ეხმარება საქართველოს 30 წელზე მეტია, რათა საქართველო გახდეს უსაფრთხო, აყვავებული დემოკრატია, რომელიც ევროპული ოჯახის ნაწილია. „ყველაფერი, რაც შეერთებულმა შტატებმა აქ გააკეთა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იყო მიმართული იმაზე, რომ დახმარებოდა საქართველოს მიეღწია იმ უსაფრთხო, აყვავებული დემოკრატიის მიზნისთვის, რომლისთვისაც ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაა საჭირო”, – ხაზი გაუსვა მან.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირების შესახებ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება ცხადყოფს, რომ „პირებს, რომლებიც მონაწილეობენ კორუფციულ ქმედებებში, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობას, არ აქვთ უფლებამოსილება შევიდნენ შეერთებულ შტატებში“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული დასახელება გარკვეული ინდივიდების აუცილებელია აშშ-ის კანონმდებლობით, მაშინ „როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი სანდო მტკიცებულება იმისა, რომ [ეს] პირები მონაწილეობენ მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებში. ეს დადგინდა და ამიტომაც დასახელდნენ ისინი გუშინ“. ელჩმა ასევე დასძინა, რომ „საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, საქართველოს სურს თუ არა დაიწყოს გამოძიება და ჩაუღრმავდეს ამ ბრალდებებს…“.

მან უარყო სანქცირებული მოსამართლე მურუსიძის ბრალდებები, იმის შესახებ, რომ „აშშ-მა გადადგა ეს ნაბიჯები საქართველოს სასამართლო სისტემის დასაუფლებლად“ და ხაზი გაუსვა, რომ პირიქით, „ეს ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ქონის სურვილის მხარდასაჭერად“. მან გაიხსენა, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში სასამართლო სისტემის გაწმენდის გაცხადებული მიზნით, აშშ აქტიურად მუშაობდა ამ მთავრობასთან სასამართლო რეფორმების ოთხ ტალღაზე, რომლებმაც „ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიღო“. „სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ჩვენ დავინახეთ, რომ იკლო პოლიტიკურმა ნებამ განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც აუცილებელია სასამართლო სისტემის რეალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტად გარდაქმნისათვის”, – დაამატა მან.

ელჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ოთხი ადამიანი, შეერთებული შტატების ხელთ არსებული კონკრეტული ინფორმაციით, აფერხებდნენ შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართ ერთგული პროფესიონალების უნარს შეესრულებინათ თავიანთი სამუშაო.

კითხვაზე – თუ ვინ იქნება შემდეგი სანქციების სიაში ელჩმა თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მკაცრი პროცესის შედეგია და აშშ წინასწარ არ განიხილავს თავის სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და მის პარტნიორებთან საქართველოში კორუფციის აღმოფხრისთვის.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრებით შანტაჟის მცდელობებზე ბრალდებასთან დაკავშირებით, ელჩმა განაცხადა, რომ „წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს“ მმართველი პარტიის თავმჯდომარე და დასამალი არაფერი აქვს. მან აღნიშნა, რომ ეს შემაშფოთებელია „რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ გრძელდება სატელეფონო ზარების უკანონო მიყურადება“.

მმართველი გუნდის „მეორე ფრონტის“ რიტორიკაზე კომენტირებისას, ელჩმა გაიმეორა, რომ აშშ „არასდროს ახდენდა ზეწოლას საქართველოზე მეორე ფრონტის გასახსნელად“ და რომ აშშ ყოველთვის ითვალისწინებდა საქართველოს სიტუაციის სენსიტიურობას, რადგან მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მუდმივად არსებობს „უზარმაზარი ზეწოლა რუსეთის მხრიდან“.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე საუბრისას, აშშ-ის ელჩმა პარალელი გაავლო რუსეთში არსებულ მსგავს კანონთან და გაიხსენა მისი დამღუპველი გავლენა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოური დაფინანსების გამოყენების პროცესი ისედაც ძალიან გამჭვირვალეა და კანონის რეალური მიზანი იყო „გაჩუმება და მათი მარკირება და სტიგმატიზაცია, ვინც საქართველოს სახელით მუშაობს“.

ტელეკომპანია „მთავრი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას, დეგნანმა განაცხადა: „ბატონ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, როგორც დროულობაზე, ასევე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე, თავიდანვე დავსვით კითხვები. ჩვენ ვაგრძელებთ შეშფოთებას და თვალყურს ვადევნებთ სახალხო დამცველის ანგარიშებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ არის ნიშნები იმისა, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმე არის „შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რატომ სჭირდება საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო“ და დასძინა, რომ საქართველოსავით პოლარიზებულ ქვეყნებში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აუცილებელია, რადგან უნდა არსებობდეს ადგილი, რომელსაც საზოგადოება მიმართავს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმ ცოდნით, რომ არ მოხდება პოლიტიკური ჩარევა მის საქმეში.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კითხვაზე პასუხად ელჩმა განაცხადა: „ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვიყავით სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას უსვამს ხაზს“. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ ასევე გამოხატა თავისი შეშფოთება და თქვა, რომ „ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა დარწმუნდეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის შემდგომი გაუარესება არ მოხდება და ამის ნაცვლად, ის დაიწყებს გამოჯანმრთელებას და ძალების აღდგენას“.

კითხვაზე – ფიქრობს თუ არა, რომ დასავლეთი იყო „რბილი“ საქართველოს მიმართ ბოლო წლებში – ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ მუშაობდა ნებისმიერ მთავრობასთან, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო ის. მან აღნიშნა: „ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ წლების განმავლობაში ძალიან კარგად ვმუშაობდით ბევრ სხვადასხვა საკითხზე და ახლაც ვმუშაობთ… ჩვენ გვაქვს მრავალი, სხვადასხვა ტიპის [საერთო] პრიორიტეტი, როგორებიცაა – ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, ენერგეტიკა და დამოუკიდებლობა“.

კითხვაზე – ფიქრობს თუ არა, რომ საქართველო ახლა უფრო მომზადებულია ნატო-ში გაწევრიანებისთვის დეგნანმა თქვა, რომ მას სჯერა, რომ არსებობს „უზარმაზარი შესაძლებლობა” და დასძინა, რომ ნატო არის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ალიანსი, შესაბამისად, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამხედრო სფეროში, ჯერ კიდევ არის მრავალი ნაბიჯი, კანონის უზენაესობის ჩათვლით, რომელსაც საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს“.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და განაცხადა: „ჩემს სრულ ძალისხმევას ვიყენებ იმისთვის, რომ საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, რადგან მსურს ვნახო, როგორ გადადგავს საქართველო ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს“. მან შეაქო პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში საქართველოს ინტერესების ხელშეწყობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ამ ქვეყნისთვის, გადადგას მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს მოხდეს წელს“.

გუშინვე, გვიან საღამოს, ელჩმა კიდევ ერთი ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედს“ მისცა, რა დროსაც ის არსებითად იმეორებდა მის ნათქვამს ტელეკომპანია „მთავარ არხთან“. მასპინძლის შეკითხვაზე აშშ-ის მიერ ქართველ მოსამართლეებზე USG-ის პროგრამების მეშვეობით ზეწოლის შესახებ, ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ აშშ-ს „არასდროს განუხორციელებია ზეწოლა ქართული სასამართლო სისტემის არცერთ მოსამართლეზე“ და დასძინა: „მთელი სამუშაო, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში ვაწარმოეთ საქართველოს სასამართლო სისტემასთან და იუსტიციის სამინისტროსთან, მიმართული იყო სასამართლოს ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად”. ამ კონტექსტში მან ახსენა ამერიკელ და ქართველ მოსამართლეებს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გაკვეთილების გაცვლა სპეციალური პროგრამების საშუალებით.

შემდგომ, მან განაცხადა, რომ არ ეთანხმება წამყვანის შეფასებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი არ იყო რუსეთის კანონის მსგავსი და უფრო ჰგავდა ამერიკულ ვერსიას (FARA-ს) და თქვა: „ვერ დავეთანხმები თქვენი განცხადების წინაპირობას, რომ ეს კანონ[პროექტ]ები რაიმე სახით მსგავსი იყო შეერთებული შტატების კანონებთან ან სხვა კანონებთან, რომლებიც განიხილებიან სხვაგან. ეს იყო კრემლის შთაგონებული კანონი. ის მიზნად ისახავდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღებას და მოღალატეებად, უცხოურ აგენტებად შერაცხვას, რომლებიც მუშაობენ თავიანთი თემების გაუმჯობესებაზე, რათა დაეხმარონ სხვა ქართველებს“.

წამყვანის კითხვაზე იმ ბრალდებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც, დასავლური დახმარება „ექსტრემისტული“ პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსებას ისახავდა მიზნად, ელჩმა თქვა: „კიდევ ერთხელ, ვერ დავეთანხმები ამ პარტიების თქვენს დახასიათებას და ვერც იმას, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენ ჩვენს დახმარებას. შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ერთ პოლიტიკურ პარტიას მეორე პოლიტიკურ პარტიაზე მეტად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებთ, არის იმის მხარდასაჭერად, რასაც ქართველი ხალხი პრიორიტეტულად მოიხსენიებს“ – და გააგრძელა მრავალი სფეროს დეტალური აღწერა, რომლებშიც აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button