ახალი ამბები

სანქციონირებული მოსამართლეები ბრალდებებს ეხმიანებიან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „კორუფციის გამო“ 5 აპრილს დასანქცირებული 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლიდან, ბრალდებებს მხოლოდ ორი – ლევან მურუსიძე და ვალერიან ცერცვაძემ გამოეხმაურნენ და მათ მიმართ პრეტენზიები უარყვეს. მიხეილ ჩინჩალაძეს და ირაკლი შენგელიას მათთვის დაწესებულ სანქციებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ლევან მურუსიძე

გუშინვე, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბრისას ლევან მურუსიძემ უარყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალდება და განაცხადა, რომ ის არ იმსახურებდა სანქციას. მანვე აღნიშნა, რომ ეს მისთვის „ცუდია“, მაგრამ „გაგრძელდება ცხოვრება“ და „როგორმე გადაიტანს“. „ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა“ – დასძინა მურუსიძემ და ხაზი გაუსვა – „არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია… კორუფციაში მე არა ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. ნუ, ახლა, რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, რა“.

„არავის არ უკითხავს, რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები, ხომ? ჰოდა, რომ ეკითხათ, ვთქვათ, რომ რატომ მიიღო სასამართლომ, შეიძლება, სასამართლოს ეთქვა თავისი არგუმენტი… თუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია…“, – დასძინა მან.

„რეალურად, არის ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მართვა უნდათ. არავის სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, უნდათ, რომ შემოვიდნენ სასამართლო სისტემაში და მართონ სასამართლო სისტემა. მე რომ გავაკეთე განცხადებები ამერიკის საელჩოზე, რეალურად, სასამართლო სისტემას არაფერში არ ეხმარებიან და ეს ყველაფერი არის პიარი, იფიქრეს, ლევან მურუსიძე გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ შევიდეთ სასამართლო სისტემაში, კონტროლი დავამყაროთ და გასაგებია ეს“, – თქვა დამატებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბარში ლევან მურუსიძემ.

დღეს მურუსიძემ შეშფოთებაც გამოთქვა და ივარაუდა, რომ „ისინი ამაზე არ შეჩერდებიან. „ხან, ვფიქრობ, რომ, შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ… [აშშ-ის] ელჩმა ბრძანა, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, თუ ელჩმა იცის, რომ ლევან მურუსიძე ღამე ახორციელებს ზარებს, ე.ი. ტელეფონზე მისმენენ“.

ლევან მურუსიძე ე.წ. „სასამართლო კლანის“ წევრად მოიაზრება. მისი სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მაგალითად, ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო, რის გამოც მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი მისამართით არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა ისმოდა. ლევან მურუსიძემ განიხილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეც. ამასთან, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ის მურუსიძესთან ერთად „ალაგებდა“ ქართული ოცნების სასარგებლოდ სასამართლო დავების გადაწყვეტის საკითხებს.

ვალერიან ცერცვაძე

ყოფილმა მოსამართლემ, ვალერიან ცერცვაძემ, რომელიც ასევე შედის აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების სიაში, მის მიმართ ბრალდებები Facebook-ის საშუალებით უარყოფო და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება მიიღო „დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე“. „მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა ავღნიშნო, რომ 6 წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე. შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას“, – დაწერა მან.

ამასთან, ცერცვაძემ აღნიშნა: „ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“.

2008 წლის 8 ოქტომბერს ვალერიან ცერცვაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. 2017 წელს ცერცვაძემ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა მისი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. მალევე მის ადგილზე ჩინჩალაძე დაინიშნა, რის გამოც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მომავალი თავმჯდომარის ვინაობა წინასწარ იყო განსაზღვრული.

ირაკლი შენგელია

მის მიმართ სანქციების დაწესებას ირაკლი შენგელიაც გამოეხმაურა. მან კოლეგების მოსაზრება გაიზიარა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს მტკიცებულებები სანქციების დასასაბუთებლად, ,,გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც ,,სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას“. მან ხაზგასმით განაცხადა: ,,მეც და ჩემი სხვა კოლეგები… ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას… ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით,“ ,,არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით“.

შენგელიამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა იგივე ტაქტიკა გამოიყენა ალბანეთსა და უკრაინაში, სადაც ,,რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისაგან სისტემის წმენდა“ . მან განაცხადა, რომ მას და მის ოჯახს არანაირი სურვილი აღარ აქვს აშშ-ში ვიზიტის, მას შემდეგ, რაც დაინახა, თუ როგორ დაკარგა ამ ქვეყანამ ამგვარი ქმედებებით დემოკრატიული ღირებულებები – კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ფუნდამენტური თავისუფლებები. მან დასძინა: „პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით ,,გაასამართლეს“ და ,,დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ,,მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“.“

გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას აქვს „ტრადიციული ოჯახი“ და შვილები „პატიოსნების პრინციპებზე“ აღზარდა. „აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი ,,ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება,“ – დასძინა მან.

2021 წლიდან შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავჯდომარე ჩინჩალაძის მოადგილედ მუშაობს. 2017 წლიდან 2020 წლამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. შენგელიას მჭიდრო ოჯახური კავშირები აქვს სასამართლო სისტემის სხვა შტოებთან და მას „სასამართლოს მახინჯ პრაქტიკა[ში]“ მონაწილეობისთვის სდებდნენ ბრალს, რაც ითვალისწინებდა მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებით მოქალაქეებისთვის პატიმრობის მისჯას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button