ახალი ამბები

სანქცირებული მოსამართლეების თემაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოში 6 აპრილს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელეს.

სხდომა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სიტყვით დაიწყო, რომელმაც საზოგადოებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველ მოსამართლეთა მისამართით გამოთქმული ბრალდებების მიმართ მშვიდი და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ დეპარტამენტი წარადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს ამ საკითხს და მოუწოდა საზოგადოებას თავი შეიკავოს ნაადრევი დასკვნებისგან, სანამ მეტი ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი.

ლევან მურუსიძე მის მიმართ წაყენებულ კორუფციის ბრალდებებს სხდომის დასაწყისშივე გამოეხმაურა და განაცხადა: „კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა“. მურუსიძის თქმით, ეს მიზანი იყო აშშ-ის საელჩოს სურვილი „გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა “, რასაც ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ სხვადასხვა გზით, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. მან აშშ-ის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მცდელობის მაგალითად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში არამარტო ჩხიკვაძე, არამედ მისი მხარდამჭერი მოსამართლეებიც გახდნენ აშშ-ის საელჩოს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლნი.

მურუსიძის მტკიცებით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მას წლების განმავლობაში პირადად მიმართავდნენ და გამოხატავდნენ კონკრეტულ სურვილებს, მაგალითად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გარკვეული მოსამართლეების დანიშვნას. „ამის მტკიცებულებებიც მაქვს.“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ გაასაჯაროებს. მურუსიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები იყო „მორალური ტერორის“ ინსტრუმენტი მისი ოჯახის წინააღმდეგ და რომ საელჩოს ქართველი თანამშრომლები, წლების განმავლობაში იყენებდნენ ამგვარ ინსტრუმენტებს. ამასთანავე, მისი თქმით, საელჩოს „25-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ სასამართლოს კეთილდღეობისთვის ამას არ იყენებ[ს], იყენებ[ს] იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში მოხდეს დაპირისპირება, რომ მომხდარიყო, ვთქვათ, არაჯანსაღი სიტუაცია“. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და აშშ-ს მიაჩნდათ, რომ ეს სანქციები მიაღწევდა თავის მიზანს და „მოხდებოდა არეულობა და მოხდებოდა სასამართლო სისტემის დაქვემდებარება აშშ-ის საელჩოსადმი“, ეს რეალურად არ მოხდება, რადგან მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა უმეტესობამ მურუსიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მთავარი ის კი არ არის, ლევან მურუსიძეს სანქციას აშშ დაუწესებს თუ ევროკავშირი, ეს არის ჩემი პირადი პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა, ეს, სხვათა შორის, მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება“, – აღნიშნა მანვე.

სხდომის დასრულების შემდეგ, მურუსიძემ ჟურნალისტებთანაც ვრცლად ისაუბრა და განაცხადა: „… ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ საქართველოს ჰქონდეს ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვის გავლენას“. ამის შემდეგ, მან აშშ-ის საელჩოს მიმართა და დასძინა, რომ ის სიმშვიდეს შეინარჩუნებს. მურუსიძემ ასევე უარყო სასამართლოზე მმართველი პოლიტიკური ძალების გავლენა და განაცხადა: „სასამართლო იღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიაჩნდა მოსამართლეს, რომ იყო სწორი და კანონიერი“.

ლევან მურუსიძეს მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელმაც განაცხადა: „რა გააკეთა ამ კაცმა განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთებ? რატომ იმსახურებდა ამას, მაგას ვერავინ იტყვის. მე რატომ არ ვარ, ვთქვათ, სანქცირებული ან მიხეილ ჩინჩალაძე რატომაა სანქცირებული?“. მან საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან „დაუყოვნებლივი“ შეხვედრაც მოითხოვა და თქვა, რომ ის და მურუსიძე მთავრობის მეთაურს საელჩოს თანამშრომლების მათთან კონტაქტის მტკიცებულებებს წარუდგენენ.

გვრიტიშვილმა მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ აშშ ცდილობს სასამართლო სისტემაზე კონტროლის მოპოვებას და დაეთანხმა მურუსიძეს, რომ საქართველო მარტო არ არის და რომ უკრაინა და ალბანეთი „ჯაჭვის კონკრეტული რგოლებია “. მაგალითად მან უკრაინის მთავრობის მიერ სასამართლო სისტემაში უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა მოიყვანა, მას შემდეგ რაც მან გადასცა მოსამართლეთა დანიშვნის უფლებამოსილება „საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ რაღაც გაურკივეველ კომისიას “.

მოსამართლეთა მიმართ დაწესებულ სანქციებს შეეწინააღმდეგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ნიკოლოზ მარსაგიშვილიც, რომლის თქმითაც კორუფციის შესახებ ბრალდებები კონკრეტულ მტკიცებულებებს მოითხოვს და არ უნდა იყოს დაფუძნებული გაურკვეველ „სანდო“ ინფორმაციაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ მტკიცებულებები საჯაროდ იქნება წარმოდგენილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ. მარსაგიშვილი ასევე დაეთანხმა დიმიტრი გვრიტიშვილის წინადადებას და განაცხადა: „თუ კი მთლიანად სასამართლო კორპუსის შეხვედრის დაორგანიზება ვერ მოხდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მაინც შევხვდეთ მთავრობის კომპეტენტურ წარმომადგენლებს”.

ქართველი მოსამართლეების მიმართ აშშ-ის სანქციების წინააღმდეგ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, თემურ გოგოხიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ეს არათუ ამერიკულ, არანაირ სტანდარტში არ ჯდება”. გოგოხიამ გააკრიტიკა ბრალდებები, რომლებიც მისი თქმით, ყოველგვარი კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნა წარდგენილი და თქვა, რომ ასეთი ბრალდების წაყენება უსამართლოა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button