ახალი ამბები

პოლიტიკოსები აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 5 აპრილს განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 4 ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს – ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები შეერთებულ შტატებში შესვლას ვეღარ შეძლებენ.

აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებას ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განცხადებებს გთავაზობთ:

ქართული ოცნების გამოხმაურება

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება [ენტონი ბლინკენის] ამ განცხადებასთან დაკავშირებით… ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, კორუფციაში ფული არ იგულისხმება მარტო და განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი. [ეს] ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე… ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოს ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის ძალიან მძიმე და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომლებიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს“.

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „ძალიან სამწუხაროა, რომ სტრატეგიულ მეგობრებს შორის ურთიერთობაში სანქციები გაჩნდა, როგორც საურთიერთობო ინსტრუმენტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით. აქ საქილიკო და სასაცილო ამბავი არ არის… თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი კომუნიკაცია და შემდგომი ნაბიჯები, ამას საზოგადოებას გავაგებინებთ და ავუხსნით. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, არ არის სამართლიანი ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და, ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელიცაა, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას არაერთხელ აქვს გაცხადებული, მათ შორის, ერთი წლის წინ, რომ საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, რა თქმა უნდა, აქ საქართველოს მთავრობა იგულისხმება“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ირაკლი ნადირაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „მათ მიიღეს პოლიტიკური ატომური ბომბი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დაიწყებენ საუბარს, თითქოს ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს, როგორც სჩვევიათ ხოლმე და ლანძღვას დაიწყებენ, სენატორების, კონგრესმენების, ევროპარლამენტარების მსგავსად, უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების, ამის მიუხედავად, მათთვის ეს არის ძალიან საგანგაშო რამ, იმიტომ, რომ დომინოს პრინციპით ჩამოენგრევათ ყველა ის კლანი, რომელსაც წლების განმავლობაში ოლიგარქი ივანიშვილი აკოწიწებდა“.

ბერდია სიჭინავა – „საქართველოსთვის“: „სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება „სასამართლოს კორუფციული სინდიკატის“ წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას… ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე. შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ჩვენ მიერ დაინიციირებული ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართელოს ორგანულ კანონში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი ორი მესამედის პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით“.

ანა ნაცვლიშვილი – „ლელო საქართველოსთვის: „ლელო საქართველოსთვის“ მიესალმება აშშ-ის გადაწყვეტილებას, დაასანქციროს საქართველოში სასამართლო კლანის ხელმძღვანელები. ეს არის, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და მათ უფლებას იცხოვრონ სამართლიან და არა კლანურ სახელმწიფოში. ეს გადაწყვეტილება, ასევე არის ძალიან ღია გზავნილი „ქართული ოცნების“ და მისი მატყუარა პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ წლების განმავლობაში, რომ სასამართლო კლანი და უსამართლო სისტემა, რომელიც მიიღო მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებიდან, არა თუ არ გაეშვა სახლში, არამედ შეერემონტებინა, გაეძლიერებინა და უვადოდ მიესაჯათ საქართველოს მოქალაქეებისთვის კლანი და მათ მიერ მართული სასამართლო სისტემა. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტიპის გუნდი არ შეიძლება მართავდეს სახელმწიფოს“.

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „პირველი – „ქართული ოცნების“ გემი იძირება. მეორე – ეს ოთხი მოსამართლე არის მხოლოდ დასაწყისი და გზავნილია ყველა სხვა მოსამართლეებისთვის, ყველა სხვა რუსული დავალებების შემსრულებლებისთვის, რომ სია შეიძლება გაფართოვდეს და პირდაპირ ვეუბნები ნუ ჩაყვებით ჩაძირულ გემს“.

ქეთევან თურაზაშვილი – „მოქალაქეები“: „ამერიკის მიერ დასანქცირებული პირების სიის მიმართ აქამდე ეჭვები არ გამჩენია ყველა ვისაც ეს სანქციები შეეხო – ბოლო დროს ან დიდი ხნის წინ, პუტინით დაწყებული და ნებისმიერი სხვა პირის ჩათვლით, ყველა იმსახურებდა… პრობლემაა, რომ აღმოჩნდა ისეთი ხალხი სასამართლოში, რომლებსაც აშშ დამნაშავეებად მიიჩნევს. ეს უნდა გაირკვეს, მით უმეტეს, რომ ამ ადამიანების მიმართ პრეტენზიები დიდი ხანია არსებობს“.

ხატია დეკანოიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ძალიან სერიოზული ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც შიდა სასამართლო სიტემაში მიიტანს ძალიან კონკრეტულ გზავნილს. ყველა მოსამართლე ამაზე დაფიქრდება. ისედაც იმხელა ზეწოლაა მოსამართლეებზე, რომ უვადო მოსამართლეები ამერიკაში გარბიან… ზოგადად, ეს იქნება ყველასთვის გზავნილი. ასევე, უმრავლესობისთვისაც ეს არის გზავნილი ძალიან კონკრეტული“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ქვეყანა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირებს სანქციებს უწესებენ, საერთაშორისო იზოლაციის გზაზე დგას… ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ბერლინში უნდა აწუხებდეს ჩვენს პარტნიორებს, მორალური და პრაგმატული არგუმენტებით საქართველოს მნიშვნელობაზე, ამის ნაცვლად, სანქციების ქვეშ არის – ეს არის ღალატი. ამას ჰქვია, ისტორიულ მომენტში ღალატი“.

ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი-მეტი თავისუფლება“: „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არ იღებს მსგავს გადაწყვეტილებას, თუ არ აქვთ მყარი მტკიცებულებები. ახლა იარონ ჩელიაბინსკში და იმოგზაურონ [სანქცირებულმა მოსამართლეებმა]. ეს ასევე გზავნილია სხვა მოსამართლეებისთვის, რომ გათავისუფლდნენ კლანის გავლენებისგან და იზრუნონ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button