skip to content
ახალი ამბები

დარჩიაშვილი ბლინკენს: „გაუგებარი და მიუღებელია“ აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 6 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართა, მას შემდეგ, რაც გუშინ, სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შესახებ განაცხადა. წერილში დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ „სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა“.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას“, – წერს ილია დარჩიაშვილი და დასძენს, რომ „სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“.

ილია დარჩიაშვილი ღია წერილში აღნიშნავს, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში „უმძიმესი მემკვიდრეობა“ დახვდა. იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს „დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები“ – ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება და სხვა სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ „2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია“.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი მიმართვისა, ქართული სასამართლო სისტემის „კრიტიკოსებს“ დღემდე არ წარმოუდგენიათ კონკრეტული სასამართლო საქმეების მაგალითები, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა.

წერილის დასასრულს, ილია დარჩიაშვილი ასევე ხაზს უსვამს, რომ „გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button