skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, რევაზ ჯაველიძესთან ერთად 21 მარტს სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულებასა და ამ კონტექსტში რეფორმების გატარების კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის თაობაზე ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშზეც გაამახვილეს ყურადღება.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ოქტომბრამდე გადადგამს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობას შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button