ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი ქართველ პოლიტიკოსებს „თანამშრომლობისკენ“ მოუწოდებს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოსთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და პოლიტიკურ აქტორებს „ინკლუზიურიობისა“ და „თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა.

ევროკავშირის წევრობა და 12 რეკომენდაცია

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეფასებისას, ელჩმა ჰერჩინსკიმ ევროკავშირის კანონთა კრებულთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის შესახებ ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „შედეგი ძალიან პოზიტიურია და აფასებს საქართველოს მზაობას, რომ მიიღოს ევროკავშირთან წევრობის პასუხისმგებლობები“. თუმცა, მანვე დასძინა, რომ „ზოგი მიმართულებით პროგრესი ჯერ კიდევ მისაღწევია“.

რაც შეეხება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას, ევროკავშირის ელჩმა პროცესში მხარეთა ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ხელისუფლებასა და ოპოზიციას კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდა. ამ კონტექსტში, მან საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ევროკავშირის საბოლოო ანგარიში იქნება „ძალიან აპოლიტიკური და დამსახურებაზე დაფუძნებული“ და წევრი ქვეყნები მხედველობაში მიიღებენ ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა; სამართალი; აქტიური სამოქალაქო საზოგადოება; მედიის დამოუკიდებლობა.

„ჩემი გზავნილი იქნება, რომ ჯერ კიდევ ბევრი დროა იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია და მზად არის მაგიდასთან დასაჯდომად, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე – შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ევროკავშირი მხედველობაში მიიღებს ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს, თუ ქვეყნის, როგორც სატრანზიტო ფუნქციას? – ევროკავშირის ელჩმა უპასუხა, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა ბევრად მეტია, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობა- ასეთ შემთხვევაში საქართველო ხდება ევროპული ოჯახის წევრი და ის უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას თაობების განმავლობაში.

„საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის წევრობას…, ევროკავშირის გადმოსახედიდანაც ეს სასარგებლო იქნება, საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და იმ სიმდიდრისთვის, რომლის შეტანაც საქართველოს შეუძლია ევროკავშირის ოჯახში. აქედან გამომდინარე, ეს ორმხრივად მომგებიანი გამოსავალია ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

მიხეილ სააკაშვილის საქმე და ენმ-ის ბოიკოტი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ „ყურადღებით ადევნებენ თვალს“ მიიმდინარე პროცესებს და „ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებული ანგარიშებით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება“. მანვე შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების სრულად დაცვა მისი პასუხისმგებლობაა.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არასდროს მივალთ იმ მდგომარეობამდე, სადაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად იქნება დაზიანებული“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და დასძინა, რომ არავის სურს, რომ დრამატული სცენარი განვითარდეს. ევროკავშირი მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას, ნებისმიერი სახით, რასაც ის სასარგებლოდ მიიჩნევს, იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსავალი მოიძებნოს“.

მანვე აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ“, ეს საკითხი და ვითარება ზრდის პოლარიზაციას საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის“. ამ კონტექსტში, ელჩმა ჰერჩინსკიმ საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გამოცხადებულ საპარალამენტო ბოიკოტზე მიანიშნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყნის მასშტაბით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების შეფასებისას, ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია“. თუმცა მანვე დასძინა, რომ ოპოზიციის პარლამენტში დარჩენის მომხრეა, რადგან „იყოს ჩართული და იმუშაოს კონსტრუქციულად, რათა საქართველომ განაგრძოს სვლა ევროკავშირში წევრობისკენ“.

რუსეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენა

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე საუბრისას, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ეს საქართველოს და მისი ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა დასძინა, რომ საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ევროკავშირის პოზიციასთან, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთთან პირდაპირი ფრენები „ერთსულოვნად“ აკრძალა.

„მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია“, – ხაზი გაუსვა მან.

ევროკავშირის ელჩმა ბოლო დროს რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ქებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა“ და „მცდელობა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მისწრაფებებისთვის ხელის შეშლის, გადადების ან კურსიდან გადახვევის“.

საქართველოს მიმართ შესაძლო სანქციები

ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ საქართველოში არსებული გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად, ევროკავშირმა სანქციები აამოქმედოს. მანვე განმარტა, რომ ევროკავშირს არ მოსწონს სანქციები, თუმცა ის არის ინსტრუმენტი „[იმ] ქვეყნის ან ინდივიდის ქცევის შესაცვლელად, ვისთანაც პრობლემა გვაქვს“.

აღნიშნა, რა, რომ „ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს რუსეთთან“, ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია მისი ურთიერთობები რუსეთთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან“.“ ევროკავშირის პოზიციაა, რომ რუსეთი შეიჭრა ევროპულ ქვეყანაში, რუსეთი ცდილობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას ევროპაში ძალის გამოყენებით, რუსეთი ბომბავს ქალაქებს და ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს უკრაინაში და ჩვენ, ევროკავშირმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს შევაჩეროთ“.

ჟურნალისტებისთვის პარლამენტის მიერ შემუშავებული წესები

„როდესაც საქართველოს პარლამენტში მივდივართ, ვხედავ ჟურნალისტების საკმაოდ დიდ რაოდენობას და ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერი სახის რეგულაცია, რომელიც დაწესებული იქნება, ამ მდგომარეობას არ შეცვლის“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა პარლამენტის მიერ ჟურნალისტებისთვის შემუშავებული ახალი წესების შეფასებისას.

თუმცა, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ესმის, პარლამენტი ის ადგილია, სადაც დეპუტატებს მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და „გარკვეული წესრიგიც“ საჭიროა. „ამიტომ მოდით, დაველოდოთ, როგორ იმუშავებს ეს პრაქტიკაში“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button