skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი დასავლელ პარტნიორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის აშშ-დან ჩავიდა, 13 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, რის შემდეგაც მას პარიზში საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ უმასპინძლა. მოგვინაებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლასაც შეხვდა.

შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული გზისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა და მიესალმა სალომე ზურაბიშვილის როლს ქართველი ხალხის მისწრაფების ხელშეწყობაში. მანვე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომლის გაშვებაც არ შეიძლება. შარლ მიშელმა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მინისტრმა კოლონამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი და ხაზი გაუსვა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იგი ასევე მიესალმა მმართველი უმრავლესობის მიერ „უცხოეთის აგენტებზე“ სადავო კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას და მოუწოდა ხელისუფლებას, სიფრთხილით განახორციელოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელმაც, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ქართველი საზოგადოების ერთიანობას.

გარდა ამისა, მინისტრმა კოლონამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართ და რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყნის პერსპექტივების გაძლიერების საკითხზე იმსჯელეს. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მან ხაზი გაუსვა, „საქართველოს მოსახლეობის ურყევ სწრაფვას ამ ევროპულ გზაზე“. ,,ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 17 მარტს, 12:00 სთ-ზე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button