skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე „ჯაშუშების რევოლუციაზე“ საუბრობს და პოლიციას მადლობას უხდის

7-8 მარტს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას მიმართა და „რადიკალური ოპოზიცია“ და მედია საზოგადოების იმაში დარწმუნებაში დაადანაშაულა, რომ „პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია“.

„თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე“.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი“. ამის შემდეგ, მან მადლობა გადაუხადა „თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის“.

„ჯაშუშების რევოლუცია“

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პარლამენტის მიერ გუშინ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას“ და რომ „აზუსტებს მხოლოდ იმას, თუ ვისი კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას ემსახურებიან კონკრეტული ორგანიზაციები“.

მისივე თქმით, საქართველოში 2003 წელს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების გულწრფელი ემოციებით „მანიპულურება“ და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს, რასაც „ჯაშუშების რევოლუცია“ მოჰყვა, რომელმაც „საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოუტანა“. საპირწონედ მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევრო-ატლანტიკურ გზაზე მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

მანვე ოპოზიცია „ხელისუფლების გადატრიალების“ მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ განზრახვის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, „ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს“.

უკრაინაში, „მაიდნის“ მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას – მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის [ოლქის] დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა უკრაინამ“. „ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რასაც მხარს უჭერს [ევროპარლამენტარი] ვიოლა ფონ კრამონი|. „ჩვენ ვიმოქმედებთ, არა რადიკალების დღის წესრიგით, ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, – ხაზი გაუსვა მან.

„საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას შედეგად დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა. საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს [მოძრაობა] „სირცხვილიას“, [პარტია] „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ბოლშევიკური პროპაგანდა, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, „ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ“.

„საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90%-ზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button