ახალი ამბები

„საქართველოსთვის“ დეპუტატი პარლამენტს და პარტიას ტოვებს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა 6 თებერვალს განაცხადა რომ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს, პარლამენტსა და პარტიას ტოვებს და საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს.

გიორგი ხოჯევანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ Facebook-ზე დაწერა და მიზეზად მისი ამომრჩევლის წინაშე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის „მაღალი პასუხისმგებლობის განცდა დაასახელა“. „სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, არ მეძლევა საშუალება ეფექტურად მოვახდინო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა“, – განაცხადა მან.

ხოჯევანიშვილის თქმით, მისთვის „ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება“ და რაიმე თანამდებობა მისთვის თვითმიზანს არასდროს წარმოადგენდა. „ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი… იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი!“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად 2020 წლის არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით მოხვდა. მანამდე, 2018-2020 წლებში, მას შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.

გიორგი ხოჯევანიშვილი რამდენიმე დეპუტატთან ერთად „ქართულ ოცნებას“ 2021 წლის აპრილში, მას შემდეგ გამოეყო, რაც ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა და ახალი პარტია – „საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა.

გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ პარლამენტის მანდატის დატოვების შემდეგ გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 198 -ე მუხლის მიხედვით, თუკი პარლამენტს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრი 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში გამოაკლდება, შუალედური არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ხოლო თუ 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მაშინ არჩევნები უახლოეს აპრილის თვეში გაიმართება. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს პარლამენტის შუალედური არჩევნები არ იმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button