Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერი „ეროვნული მნიშვნელობის“ პროექტებსა და იმპოტიორთა მხრიდან ფასნამატის რეგულირებაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 6 თებერვალს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე, ასევე „ეროვნული მნიშვნელობის“ პროექტებზე და იმპორტიორთა მხრიდან პროდუქციაზე ფასნამატის დარეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეროვნული მნიშვნელობის“ პროექტები

პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას „ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი“ აქვს დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. ამ კონტექსტში მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. „მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა „აქტიურად“ მუშაობს, რომ „წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა“ და „ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე“. მანვე „მსხვილი ჰესების“ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა „ხუდონჰესის“ პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობს, რათა პროექტი ის ისე განხორციელდეს, რომ სოფლის, საფლავების და ეკლესიის დატბორვა არ მოხდეს.

„შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ასეთ მსხვილი პროექტები სახელმწიფოს თანამონაწილეობით მოხდება. „ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“.

მისივე განცხადებით, 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტებიც დაიწყება, რაც პრემიერის თქმით, მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. „ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები როგორ[ებ]იცაა: ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ,“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

იმპორტიორების მხრიდან ფასნამატის რეგულირება

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქციის ფასების შესწავლა და იმპორტიორების მხრიდან მოგების მარჟების შესწავლა დაავალა და შედეგი „შემაშფოთებელი“ აღმოჩნდა. მისი თქმით, მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილისა და ზეთის, საბითუმო 50%-60%-70%-80%-ია დამატებული, რასაც მინიმუმ 25%-30%-იანი საცალო ფასის ფასნამატი ემატება და საბოლოოდ მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც „კატეგორიულად მიუღებელია“.

ამავე კონტექსტში, პრემიერმა ნავთობპროდუქტებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ნავთობიმპორტიორებიც მაღალი მოგების მარჟებით მუშაობენ, „რაც ასევე მიუღებელია“. „არ შეიძლება, რომ 1 ლიტრ ბენზინზე იყოს 80, 90 თეთრიანი და თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის მინისტრებს იმპორტიორების დაბარება და მათთან ფასების „გონივრულ ზღვრამდე“ დაწევაზე შეთანხმება დაავალა. „მინდა გამოვთქვა იმედი, რომ [იმპორტიორები] ამ ჩვენს მოწოდებას და პოზიციას გაითვალისწინებენ და ანგარიშს გაუწევენ. აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა და დასძინა, რომ „არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button