ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელისუფლების მონაწილეობით აშენდება და პორტის 51%-ის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორებისა და პროექტში მონაწილე კომპანიების შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება.
მან ასევე გაიხსენა კონტრაქტი, რომელსაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობის მიზნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს მოაწერა ხელი, და განაცხადა, რომ კონსორციუმმა „ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება“.
ღარიბაშვილის თქმით, კონსორციუმში შემავალი „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებლებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ასევე პარტია „ლელომ“ 3 მლნ დოლარი დახარჯეს პროექტზე, ხოლო 20-25 მლნ აშშ დოლარი ინვესტორებისგან მოიზიდეს.
„მას შემდეგ, რაც 4-5 წლის მერე ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, მას შემდეგ გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ. უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან 1.5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება?“ – განაცხადა პრემიერმა.
„ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული… ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში“, – დასძინა მან.
ხაზარაძემ პრემიერმინისტრს იმავე დღეს უპასუხა და აღნიშნა, რომ „პრემიერმა დღეს ოთხჯერ მოიტყუა“.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი მთავარი მოტივაციაა, რომ ანაკლია აშენებული ვიხილო“, – აღნიშნა მან. „ესაა არბიტრაჟის მიზანიც – ვაიძულო მთავრობა ააშენოს პორტი“.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის გარშემო უთანხმოება რამდენიმე წელია გრძელდება. პორტის აშენების ბოლო მცდელობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჰქონდა – TBC ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის ერთობლივმა კონსორციუმმა პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს მოიპოვა.
თუმცა, კონსორციუმი რიგი პრობლემების წინაშე დადგა, მათ შორის იყო ფულის გათეთრების ბრალდებები, რომლებიც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 2019 წელს წაუყენეს. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა, Conti International-მა კონსორციუმის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს, რაც, მათი თქმით, პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობას წარმოადგენდა.
2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა მას შემდეგ, რაც კონსორციუმმა პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოზიდვა ვერ შეძლო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)