skip to content
ახალი ამბები

საქართველომ თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტი დაუშვა 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანიებს თურქეთის მიერ ლიცენზირებული ყველა ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანის საშუალება ექნებათ. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში წამლის მზარდ ფასებს.

მანამდე, საქართველოს მიერ 2009 წელს შემოღებულ სიაში შედიოდნენ ევროკავშირის, ევროპის სხვა სახელმწიფოების, აშშ-ის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის და სამხრეთ კორეის ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები.

ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა კითხვა დასვა, რომ რისკების გათვალისწინებით, რა აუცილებლობა იყო, რომ პარალელური იმპორტი თურქეთზეც გავრცელებულიყო.

მისი თქმით, თურქეთი ვერ აკმაყოფილებს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს და რომ „თურქეთში ფალსიფიცირებული მედიკამენტების მიმოქცევა გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ იმ ქვეყანაში, საიდანაც აქამდე მოდიოდა მედიკამენტები პარალელური იმპორტით“.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა, კახაბერ ჯაყელმა მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ თურქული წამლების გამოყენება ფარმაკოლოგიურ ბაზარზე სიძვირის პრობლემას ვერ მოხსნის. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ბაზარზე გამეფებული მონოპოლიებია.

იმავდროულად, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახლადდანიშნულ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს კონკურენციის სააგენტოს მიერ 10 იანვარს გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2020 წელს, 2016 წელთან შედარებით, წამლების ფასი ლარში 41%-ით, ხოლო აშშ დოლარში 7%-ით გაიზარდა. სააგენტოს თქმით, ზრდა პირდაპირ კავშირშია ლარის კურსის ცვლილებასთან ან იმ წამლების ფასის ზრდასთან, რომელთა შეძენაც უცხოურ ვალუტაში ხდება.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად გამოკითხულების 46% მედიკამენტების ფასს ასახელებს.

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს ფარვაცევტული ბაზარი ევროპულ ანალოგთან შედარებით რეგულირების ნაკლებობას განიცდის და იქ ძირითადად ცალკეული პირები და ჯგუფები დომინირებენ.

სააგენტოს თქმით, ფარმაცევტული ბაზარი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, სადაც კომპანიები იზრდებიან როგორც მიწოდების ჯაჭვში მათი პირდაპირი, ასევე ამ ჯაჭვის იერარქიის ქვედა ან უფრო მაღალ დონეზე მყოფი კონკურენტების შეძენით.

დოკუმენტის თანახმად, ბაზრის ამგვარი სტრუქტურა ჰოლდინგურ ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე. „შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა გამომდინარეობდეს არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან, არამედ შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის/ჯგუფების კომერციულ და ბიზნეს ინტერესებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 10 450 დასახელების მედიკამენტი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მდებარე 3 213 აფთიაქში იყიდება. საერთო ჯამში, სამი უმსხვილესი კომპანია 927 აფთიაქს ფლობს, რაც ბაზრის 30%-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მდგომარეობით, იმპორტის წილის 67.5% სამ უმსხვილეს იმპორტიორზე (სს „გეფა“, შპს „პსპ ფარმა“ და „ავერსი ფარმა“) მოდიოდა.

„პსპ ფარმას“ 95%-იანი წილის მფლობელი დეპუტატი და ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილია. იგი პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ სიით მას შემდეგ შევიდა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნებიდან წამოვიდა. ზოგიერთი ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ მთავრობამ წამლის ფასების ზრდის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესმენმა მმართველი პარტია დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button