ახალი ამბები

მთავრობა ხუდონჰესის პროექტს გამოისყიდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 19 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

„შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უკვე პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით“, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობის „თანმიმდევრული“ ენერგეტიკული პოლიტიკის ნაწილია, რომ „საქართველოში ერთის მხრივ გავზარდოთ გენერაცია და გავზარდოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, სახელმწიფო პროექტის გამოსყიდვისთვის 13.5 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის, რაც მისივე შეფასებით, საქართველოსთვის არის აბსოლუტურად „ადეკვატური“ და „ხელსაყრელი“ პირობები.

„ერთი მხრივ, ჩვენ დავიბრუნეთ ის ტერიტორიები, რომლებიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ“, – დასძინა მან.

ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში ყველა მსგავსი, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტი სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება.

„ეს არის სწორი მიდგომა, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მოვახერხებთ მოსახლეობასთან ეფექტიან კომუნიკაციას და გვექნება მოსახლეობის მხარდაჭერაც“, – ხაზი გაუსვა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე დაამატა, რომ „ეს იქნება საქართველოს პროექტი, საქართველოს მოსახლეობის პროექტი და საქართველოს რესურსების გამოყენებით აშენდება და საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა მიიღებს იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც ამ პროექტის განხორციელებით უნდა მივიღოთ“.


ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ მთავრობა სვანეთის რეგიონში დაგეგმილ ხუდონჰესის მშენებლობაზე ინვესტორთან დადებული შეთანხმების შეწყვეტის საკითხს განიხილავდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და ინდურ კომპანია ტრანს ელექტრიკასთან ჯერ კიდევ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.

სვანეთის რეგიონში 700 მეგავატის სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის აშენება მდინარე ენგურზე დაახლოებით 200 მეტრის კაშხლის მოწყობას მოიცავს. პროექტის განხორციელება პირველად 80–იან წლებში დაიწყო, თუმცა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე შეწყდა. პროექტი ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში განახლდა, რომელმაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების უფლებით კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ გააფორმა. მოგვიანებით, მას ქართული ოცნების ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი. ვინაიდან მშენებლობის დაწყება კომპანიამ ამ დრომდე ვერ შეძლო, პროექტის ჩაშლის რეალური მიზეზები უცნობი რჩება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button