ახალი ამბები

IDFI: სამინისტროებსა და სსიპ-ებში უშტატო თანამშრომელთა დასაქმება ნეპოტიზმის რისკებს ზრდის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ (IDFI) 15 სექტემბერს გამოაქვეყნებული კვლევის თანახმად, 2020 წლის პირველ 6 თვეში სამინისტროებსა და სსიპ-ებში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელს 20,4 მილიონით (19%) აღემატება. ორგანიზაციის მტკიცებით, საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, შრომითი ხელშეკრულებით მიღებისთვის კი გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება და აყვანის გადაწყვეტილება გასაუბრების საფუძველზე მიიღება, რაც ნეპოტიზმისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს ზრდის.

ორგანიზაცია სამინისტროებსა და სსიპ-ებში საჯარო მოსამსახურეთა პოზიციების სახეობებს განმარტავს. ესენია: საჯარო მოხელე, პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ამასთან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონზე დაყრდნობით იუწყება, რომ შრომითი ხელშეკრულებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოს ზღვრული რაოდენობა შეადგენს, შესაბამისად, 4000 და 6000 ლარს. 

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებებია:

  • 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის, ხოლო 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.
  • სამინისტროებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირთა უმრავლესობას მინისტრის მრჩევლები წარმოადგენენ, მათი ანაზღაურება კი 2 800 ლარიდან 6 000 ლარამდე მერყეობს.
  • 104 საჯარო დაწესებულებიდან, რომელსაც ორგანიზაციამ მიმართა,  ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ 48 უწყებამ გასცა.
  • საჯარო დაწესებულებების მიერ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რეესტრში, ასახული ხელშეკრულების საგანი და პოზიციების დასახელებები, ხშირ შემთხვევაში  ბუნდოვანია  და არ იძლევა დასაქმებული პირების სამუშაოს აღწერილობის შესახებ ინფორმაციას.
  • მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების (CV) ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ გამოიყენება ე.წ. „ოდეერების“ დასანიშნად.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს თანამშრომელთა ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკას, რათა შემცირდეს ნეპოტიზმისა და კორუფციის რისკები; დეტალურად განისაზღვროს ხელშეკრულებით დასაქმებული მრჩევლების, კონსულტანტების და ექსპერტების ფუნქცია-მოვალეობები და შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს შტატგარეშე მომსახურეთა ანაზღაურების სამართლიან დარეგულირებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button