ახალი ამბები

მურუსიძე და გვრიტიშვილი არასამთავრობოებო ორგანიზაციებს აკრიტიკებენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახლადარჩეულმა წევრებმა – ლევან მურუსიძემ და დიმიტრი გვრიტიშილმა 25 ოქტომბერს, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში საბჭოში მათი დაბრუნების გამო არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას უპასუხეს და განაცხადეს, რომ თავდაცვიდან თავდასხმის რეჟიმზე გადადიან.

მურუსიძის თქმით, არსად არსებობს იმაზე „უფრო მეტი ობიექტურობა“, როდესაც „იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას“. „სადმე მსოფლიოში, ამაზე დემოკრატიული წესი შემოუთავაზებია ვინმეს?“, – ჰკითხა მან ჟურნალისტებს.

მურუსიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები „უპასუხისმგებლოები“ და „უზრდელები“ არიან და ისინი „ყველანაირ შეურაცხყოფას“ აყენებენ მოსამართლეებს. „ჩემთვის ერთი არის მათი სახელიო, ხომ იცით ლეგიონიაო“. „გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში?“, – იკითხა მან.

„რეალურად, [ისინი] არიან დაინტერესებულები, რომ სასამართლო სისტემა არ იყოს დამოუკიდებელი, იყოს კონტროლირებადი, იყოს შევსებული ისეთი კადრებით, რომელთა კონტროლსაც თვითონ მოახერხებენ და აქედან გამომდინარე, მათ აქვთ პრეტენზია თუნდაც ჩემთან, თუნდაც გვრიტიშვილთან და მთლიანად სასამართლოსთან“, – განაცხადა მურუსიძემ.

მანვე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართა და უთხრა, რომ თუკი ისინი გულწრფელად არიან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით დაინტერესებულნი, იგი თანამშრომლობისთვის მზად არის, „მაგრამ თუ არ იქნებით მზად და წავა ისევ მოსამართლეების ლანძღვა, გინება, ბულინგი, რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს არა მარტო დავიცავთ, [არამედ] ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს“.

„სასამართლო ხელისუფლება არ არის ისეთი სუსტი, რომ ახლა არასამთავრობოებისა და რომელიღაც პოლიტიკოსების გამოხტომების ეშინოდეს“, – ხაზი გაუსვა ლევან მურუსიძემ.

მანვე არც არასამთავრობოების ის მოსაზრება გაიზიარა, თითქოს საბჭოში მათი დაბრუნებით საქართველოს ევროკავშირის „რაღაც წევრობა“ ფერხდება. „მიმაჩნია, რომ ეს იმდენად აბსურდული თემა არის, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება“, – დასძინა ლევან მურუსიძემ.

„თავდაცვითი რეჟიმიდან, ჩათვალეთ, რომ სასამართლო ხელისუფლება გადადის თავდასხმით რეჟიმზე და ფაქტებით და მტკიცებულებებით მოხდება ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავება, პერიოდულად, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშ გარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს ცალკეულ მოსამართლეებთან“, – აღნიშნა თავის მხრივ დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მანვე არასამთავრობო ორგანიზაციებს „აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა“ უწოდა, რომელიც „კლანური პრინციპით [არის] ფორმირებული“. „ვერცერთ შემთხვევაში, განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ“.

„გურუსავით არის ერთი ადამიანი – ეკა გიგაური [„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი], რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა დანარჩენი, ყველა, განსხვავებული აზრის გარეშე, უკრავს კვერს“, – განაცხადა მან და დასძინა – „ახლა გეკითხებით სად არის კლანი? სასამართლოშია კლანი, თუ არასამთავრობო სექტორში?“.

არასამთავრობოების პასუხი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ და ხელისუფლების სხვა შტოებმა, ამ შემთხვევაში, ლევან მურუსიძემ კამპანია წამოიწყეს, რომლის მიზანიც „საზოგადოებრივი კონტროლის განეიტრალება“ და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციაა“. „მათ შეუძლიათ ეს ყველაფერი გააგრძელონ, უბრალოდ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბოლო ფაზა, როდესაც ავტორიტარიზმი ცდილობს დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებას“, – ხაზი გაუსვა მან.

„როდესაც ისინი ამბობენ, რომ არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ სასამართლოში არის კლანი და მათ ხელისუფლებასთან კავშირი აქვთ, [ეს] არის ყველაზე კარგი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები სწორედ პირდაპირ კავშირში არიან ხელისუფლებასთან“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერის, გია გვილავას შეფასებით, ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმაზე საუბრობენ, რომ „პრობლემების სათავე არის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და ის ხალხი, რომელსაც სასამართლო სისტემას აკონტროლებს“. „მათ ძალაუფლებას ვეხებით და ბუნებრივია დისკომფორტს განიცდიან და ცდილობენ აგრესიულად გვიპასუხონ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის თქმით, პრობლემურია, როდესაც მურუსიძე და გვრიტიშვილი სასამართლოს სახელით საუბრობენ, „თითქოს ისინი წყვეტენ, ისინი განსაზღვრავენ სასამართლო როდის იქნება თავდაცვით პოზიციაში და როდის იქნება თავდასხმით პოზიციაში“. „ეს ადამიანები აღარც მალავენ, რომ მათ თვითონ გადაწყვიტეს საბჭოს წევრობა და ამის გამო მოუწიათ [უკვე ყოფილ] წევრებს თანამდებობების ვადაზე ადრე დატოვება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button