skip to content
ახალი ამბები

საქართველო „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში

მსოფლიო ბანკის მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ – საქართველოს ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იყო მოსალოდნელი და 2022 წლის ბოლო შეფასებით, 10% შეადგინა.

მსოფლიო ბანკის განმარტებით, ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენამ, ტურიზმის განახლებამ და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ იქონია. თუმცა, ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი, საშუალოვადიან პერიოდში კი – ის დაახლოებით 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება.

მსოფლიო ბანკის განმარტებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, რომელიც დეკემბერში 9.8% იყო, 2022 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის წნეხი შემსუბუქდა. „მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად“.

აღნიშნავს რა, რომ ამ პერსპექტივიდან არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია, მსოფლიო ბანკი უარყოფით პერსპექტივად ეროვნულ ვალუტასა და მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე მუდმივი ინფლაციის, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისა და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის შესაძლო გავლენას ასახელებს.

2023 წლის უარყოფით პერსპექტივებზე საუბრისას, მსოფლიო ბანკი საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუსეთში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნის შესაძლო უარყოფით გავლენასაც აღნიშნავს.

„დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილულ იქნეს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის რელიზში.

მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებაზეც ამახვილებს ყურადღებას და მიზეზებად გაზრდილ ინფლაციას, მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, შემცირებულ ინვესტიციებსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ პრობლემებს ასახელებს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს გლობალური ეკონომიკა 1.7%-ით, 2024 წელს კი – 2.7%-ით გაიზრდება. „ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა, სავარაუდოდ, ფართოდ გავრცელდება და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების 95%-ს და განვითარებადი ქვეყნებისა და ბაზრების დაახლოებით 70%-ს მოიცავს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button