მსოფლიო ბანკის ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი საქართველოს შესახებ
მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ 6 დეკემბერს ერთობლივ ღონისძიებას უმასპინძლეს, სადაც მსოფლიო ბანკის ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი წარმოადგინეს სახელწოდებით „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“.
მსოფლიო ბანკის პრესრელიზის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი „ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ასევე რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით, რათა ქვეყანამ შეძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც“.
ამავე ინფორმაციით, მემორანდუმი აღწერს „მცირე, მაგრამ ღია და მდგრადი ეკონომიკის ისტორიას, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდისა და სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, თუმცა მაინც შეზღუდულია პროგრესი პროდუქტიულობის ამაღლებისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით“.
ძირითადი მიგნებები
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, საქართველომ წარმატებული ეკონომიკური ზრდა განიცადა გასული ათი წლის განმავლობაში. აღნიშნავს რა, რომ საქართველოს აქვს „მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიმზიდველი ბიზნესგარემო და გაუმჯობესებული მმართველობა“, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „ამან საქართველო ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ეკონომიკად აქცია ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში“.
ამ მიგნებების ფონზე, ანგარიში აღნიშნავს, რომ ათწლეულის დასაწყისში, საქართველომ ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის კატეგორიაში გადაინაცვლა, ხოლო სიღარიბის დონე 37.3%-დან 19.5%-მდე შემცირდა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მართალია, პანდემიამ ზრდის ტენდენციები შეაფერხა, „პანდემიაზე ხელისუფლების მასშტაბური და დროული რეაგირების შედეგად სიღარიბე მხოლოდ 1.8%-ით გაიზარდა“.
თუმცა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „პანდემიის გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებზე და ადამიანურ კაპიტალზე გარკვეული პერიოდით შენარჩუნდება“.
ამ კუთხით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „მიუხედავად ქვეყანაში ზრდის მყარი საფუძვლების არსებობისა, შემდგომი წარმატება მომდევნო ათწლეულში გარანტირებული არ არის“.
„ზოგიერთი შეზღუდვა უკვე სავალდებულოა: შესაძლოა, საჭირო გახდეს ინვესტიციების შეზღუდვა, რათა მოხდეს ვალის დაგროვების სტაბილიზაცია. უნარები მწვავე პრობლემას წარმოადგენს და ასევე ადგილი აქვს მოსახლეობის დაბერებას“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ხაზს უსვამს, რომ „სხვა შეზღუდვებიც სულ უფრო სავალდებულო გახდება“.
ამ კონტექსტში, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მართალია, საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე სტრუქტურული გარდაქმნა, დაწყებული სოფლის მეურნეობით და დამთავრებული მომსახურების სფეროთი, „ნაყოფიერია, მისი ეფექტიანობა თანდათან შემცირდება“. „ამას გარდა, ქართულმა ფირმებმა არ გააუმჯობესეს საკუთარი ეფექტიანობა, რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად მშპ-ის მნიშვნელოვანი ზრდისა, კარგი სამუშაო ადგილების შექმნა არ იყო საკმარისი, რის შედეგადაც ბევრი ქართველი უმუშევარი დარჩა“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ის ადამიანებიც კი, რომელთაც დატოვეს სოფლის მეურნეობის სფერო, „ოდნავ უკეთ“ ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც განაგრძობს ამ სფეროში მუშაობას, რადგანაც ბევრი მათგანი ან თვითდასაქმებულია, ან დაბალანაზღაურებადი სამუშაო აქვთ.
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ „საქართველო გაურკვეველ გლობალურ გარემოში იმყოფება, რომელიც სწრაფად იცვლება“ და აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „მესამე უდიდესი შოკია, რომელიც საქართველოს ეკონომიკამ ბოლო ოთხ წელიწადზე ნაკლებ პერიოდში განიცადა, რასაც წინ უძღვოდა რუსეთიდან ფრენების ცალმხრივად აკრძალვა 2019 წელს და კოვიდპანდემია 2020 და 2021 წლებში“.
ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მაქსიმალურად გაზარდოს თავისი პოტენციალი:
- მიმდინარე სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნის ხელშეწყობით;
- პროდუქტიულობის ამაღლებით დარგების და ფირმების დონეზე;
- კავშირების და საგარეო ვაჭრობის გაფართოებით;
- ადამიანური რესურსების განვითარებით და უკეთ გამოყენებით.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)