skip to content
ახალი ამბები

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, რომელიც ახალგორიდან სამკურნალოდ თბილისში მოჰყავდათ

წლინახევრის ბავშვი, ელზა კუდუხოვი, რომელიც მშობლებს ოკუპირებული ახალგორიდან სამკურნალოდ თბილისში მოჰყავდათ, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დევნილობაში მყოფმა ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა, 2 იანვარს „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მცირეწლოვანი ახალგორიდან 11:30 სთ-ზე კრიტიკულ მდგომარეობაში, მაღალი სიცხით გადმოიყვანეს. „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში თინიკაშვილმა დააზუსტა, რომ ბავშვი თბილისში ჩამოყვანამდე, მცხეთის სიახლოვეს გარდაიცვალა.

ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვან გამოცემაეხო კავკაზას უთხრა, რომ მცირეწლოვანი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და მას სამედიცინო დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაუწიეს. პარალელურად, ბავშვისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მისი თბილისის მიერ კონტროლორებად ტერიტორიაზე გადმოყვანის საკითხი განიხილებოდა.

მეარაყიშვილისვე ცნობით, ბავშვის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაყვანად ე.წ. გამშვები პუნქტის გადმოკვეთისთვის საჭირო ნებართვის გაცემა დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. მშობლებმა შვილთან ერთად რაზდახანის (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი მოსაბრუნი/დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოძისი) გამშვები პუნქტის გადმოკვეთა მაინც შეძლეს, მაგრამ მცირეწლოვნის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მომხდარზე დამატაბითი ინფორმაციითვის „სამოქალაქო საქართველო“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურსაც დაუკავშირდა. სამინისტრო მომხდარის შესახებ მეტი დეტალის დაზუსტებას ელის. დამატებითი ინფორმაცია ვერც სუს-დან მივიღეთ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button