skip to content
ახალი ამბები

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 62 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) 20 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 62 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულთაგან 46 ნარკორეალიზატორია, 16 კი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელთაც ბრალი ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანაში ედებათ. დაკავებულებს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

უწყების განმარტებით, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება საკონტროლოდ რამდენჯერმე იყიდეს და პროცესი გადაიღეს კიდეც. ამასთან, დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე მათი პირადი ავტომანქანების და საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკისას, პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „მეტადონი“, „კეტამინი“, „ლირიკა“, „ოპიუმი“ და „მარიხუანა“ ამოიღო.

შსს-ს განცხადებით, 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ 204 ნარკორეალიზატორი დააკავეს და 8 კგ „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კგ „კოკაინი“, 6 კგ „მდმა“, 5 კგ „ალფა პვპ“, 4,5 კგ „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება“, – აცხადებენ შსს-ში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button