ახალი ამბები

უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრო „ძალიან შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო“.  

სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს, რომ ექს-პრეზიდენტისთვის „სათანადო სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს, ასევე დააკმაყოფილოს თხოვნა მისი სასჯელის გადავადების თაობაზე, რათა შემდგომი მკურნალობისთვის ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში იქნას გადაყვანილი“.    

სამინისტრო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილთან უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის შესვლა უზრუნველყოს. ამ უკანასკნელმა იმავე დღეს „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „საჭიროდ მიმაჩნია, რომ პირადად, როგორც უკრაინის ომბუდსმენი, დავრწმუნდე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ექს-პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე გაკეთდა, რა დროსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლების მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.  

ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა მოეხსნას თუ არა სააკაშვილს სასჯელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გამო.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button