ახალი ამბები

საიამ და GDI-მ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშები გამოაქვეყნეს  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშები გამოაქვეყნეს, რომლებიც რიგ საკითხებს მიმოიხილავს, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, პრესის თავისუფლების გაუარესებასა და ლგბტქი+ თემის წინააღმდეგ დისკრიმინაციის გაგრძელებას.  

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა  

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაუარესებულ სიტუაციას და „კლანურ მმართველობას“  აღნიშნავენ, რაც, მათი თქმით, სასამართლოების წინაშე არსებულ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.  

კერძოდ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიღებულმა კანონპროექტმა შეასუსტა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა და გააძლიერა სისტემის შიგნით კლანურ მმართველობა. 

ორგანიზაციის თქმით, „სასამართლოს დამოუკიდებლობის საგანგაშოდ დაბალი ხარისხის გათვალისწინებით“, ნიკა გვარამიას, დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკურად მოტივირებული“ საქმეები არ არის გასაკვირი.  

იმავდროულად, ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, საიამ განაცხადა, რომ „საბჭოს მიმართ მუდმივმა და ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების შესახებ შეიძლება დააზიანოს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა“. მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას „დღემდე არ გამოუვლენია რეალური და გარდამტეხი ცვლილებებისთვის საჭირო ნება“.  

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა არის ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და განაცხადა, რომ საია პარლამენტში ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში საწყის ეტაპზევე ჩაერთო და წარადგინა იმ ფუნდამენტური პრობლემების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს სასამართლოს აქვს და რომლის „გადაჭრის გარეშეც შეუძლებელია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა“. საიას თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები 2022 წლის ნოემბერში დაინიცირდა, თუმცა მისი შინაარსიდან გამომდინარე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება შეუძლებელია, რადგან კანონპროექტი „ღიად ტოვებს ყველა მნიშვნელოვან პრობლემას სასამართლოში: გავლენიანი ჯგუფის მმართველობას, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, სასამართლოს თავმჯდომარეების, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს და ა.შ“. 

კანდიდატობის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ განაცხადა, რომ მართალია ხელისულებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ისინი „არასაკმარისია“, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს და ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბების გეგმებს.  

პრესის თავისუფლება  

ორგანიზაციებმა 2022 წელს პრესის თავისუფლების გაუარესებაზეც გაამახვილეს ყურადღება და ამის მაგალითად გვარამიას წინააღმდეგ „პოლიტიკურად მოტივირებული“ საქმე მოიყვანეს.  

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ განაცხადა, რომ 2022 წელს გაგრძელდა კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დევნა და მათზე ზეწოლა, რაც კიდევ  უფრო სისტემატური გახდა. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს გაძლიერდა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების საბაბით სასამართლოსათვის მიმართვის ტენდენცია, რომელმაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო. 

ორგანიზაციის თქმით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2022 წელს მედია საშუალებების წინააღმდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მათი საქმიანობა შეაფერხა. ორგანიზაცია ასევე გამოეხმაურა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც კომისიის მანდატი ფართოვდება.  

ამასთან, საიამ ხაზი გაუსვა, რომ პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, 2022 წელი „უკან გადადგმული ნაბიჯებით გამოირჩეოდა“. „იმავდროულად, სახელმწიფო ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ინიცირებით გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკებს და ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს აჩენს“, – განაცხადა საიამ.  

მედიის უსაფრთხოების კონტექსტში, საიამ აღნიშნა, რომ 2022 წელს კვლავ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს. ამასთან, „სახელმწიფომ არ უზრუნველყო 5-6 ივლისის მოვლენების სათანადო გამოძიება ძალადობის ჩამდენი და ორგანიზატორი პირების მიმართ“.  

ლგბტქი+ თემის უფლებები  

ლგბტქი+ თემის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ განაცხადა, რომ ლგბტქი+ თემი კვლავ ვერ ახერხებს საჯარო სივრცეში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობას სიძულვილის ჯგუფების მხირდან მუქარისა და ხელისუფლების ჰომოფობიური რიტორიკის ფონზე. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ამ და სხვა გამოწვევებზე ასევე არ არის ყურადღება გამახვილებული ხელისუფლების მიერ შემუშავებულ 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში.  

საიას ანგარიშში ნათქვამია, რომ ლგბტქი+ თემი კვლავ განიცდის დისკრიმინაციას განათლების, სამუშაოს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებში, განსაკუთრებით „არსებული საკანონმდებლო ნორმების ჯეროვნად აღუსრულებლობით გამოწვეული ხარვეზების გამო“. საიას თქმით, ლგბტქი+ ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სტიგმისა და ძალადობისგან და რომ „ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფების მზარდი რაოდენობისა და ზეგავლენის გამო“, ისინი კვლავ განიცდიან ჩაგვრას და დისკრიმინაციას.  

საიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ სამი ტრანსგენდერი კაცის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button