skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შესახებ კანონის ნაკლოვანებებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 2 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნისთვის დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებში არსებულ ნაკლოვანებებზე გაამახვილა ყურადღება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, თუკი თავდაპირველი ვერსია, ბიუროს ზოგადი მაკოორდინირებელი ხასიათის უფლებამოსილებებს ითვალისწინებდა, მეორე მოსმენის შემდეგ მას რიგი მნიშვნელოვანი ფუნქციები დაემატა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მიმართულებებით.

აღნიშნავს რა, რომ „ანტიკორუფციული ფუნქციების ერთ ინსტიტუციაში მოქცევა მისასალმებელი და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია“, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ცენტრალიზებული მოდელი მხოლოდ ამ ინსტიტუციის რეალური დამოუკიდებლობისა და მისთვის სათანადო (საგამოძიებო) უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში მუშაობს.

ორგანიზაციის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ „ანტიკორუფციულ ბიუროს“ საგამოძიებო უფლებამოსილება არ აქვს და ეს ფუნქცია კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურას რჩება, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები „ნაკლოვანია“.

„საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების გარეშე ანტიკორუფციული ბიურო ვერ შეძლებს მაღალი დონის კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას, [რასაც] ითხოვს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული მე-4 რეკომენდაცია“, – ხაზს უსვამენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.

ორგანიზაციის თქმით, „პრობლემურია“ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესიც, რადგანაც პრემიერმინისტრის მიერ მისი დანიშვნა ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს, „რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის და ასევე წარმოადგენს ევროკომისიის მიერ გაცემული მე-4 რეკომენდაციის მოთხოვნას“.

„ამ გარანტიას უზრუნველყოფდა ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის შედეგად არჩევა“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ და დასძენენ, რომ თუკი დასახელებული ხარვეზები არ გამოსწორდა, „ის ვერ უპასუხებს ქვეყანაში არსებულ მაღალი დონის კორუფციის გამოწვევას“.

ამდენად, ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს კანონი ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR) გაგზავნოს, რათა მათი შეფასების შესაბამისად მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებებში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button