ახალი ამბები

სასამართლომ „ტვ პირველს“ და მის ჟურნალისტს კახა კალაძისთვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის კახა კალაძის სარჩელი და „ტელეკომპანია პირველს“ და მის ჟურნალისტს, მაია მამულაშვილს მისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.

„ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების“ სარჩელით კახა კალაძემ სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისს მიმართა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარის გადახდა მოითხოვა. მაშინ, დედაქალაქის მერის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განმარტა, რომ საქმე მაია მამულაშვილის მიერ 2022 წლის 5 ივნისს ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, თითქოს ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია“.

გაბუნია ასევე ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტის განცხადების მიზანი კახა კალაძის „დისკრედიტაცია“ და „მოსახლეობაში რეპუტაციის შელახვა“ იყო. „ეს არის ტყუილი და ცილისწამება, თუ არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე“, – განაცხადა მან.

  • სასამართლოს გადაწყვეტილების შესაძლო უარყოფითი შედეგები

ორგანიზაციის შეფასებით, „საგანგაშო“ და „არაპროპორციულია“ მსგავს საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობა, რადგანაც როდესაც საქმე პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ საჯარო ფუნქციების შესრულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ეხება, მედიისთვის 15 000 ლარის დაკისრება „არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას“.

„ამასთან, იგი მეტად უწყობს ხელს „მსუსხავი ეფექტის“ და შესაბამისად შიშის გაძლიერებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას და თან ასეთი არაპროპორციული ოდენობით“, – აცხადებენ „დემოკრატიულ ინიციატივაში.

აღნიშნავენ რა, რომ „ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა სასამართლო დავის დაწყების საფუძველი“, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ „მსგავსი ტენდენცია უნდა შეფასდეს როგორც სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“.

„დემოკრატიული ინიციატივის“ განმარტებით, „ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით“, მოსამართლის გადაწყვეტილება „ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს“, რომ „საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები“.

„[აღნიშნული] არსებითად შეუშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის“.

  • სასამართლო დავისას გამოკვეთილი პრობლემები

ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლო დავის მიმდინარეობისას რამდენიმე ძირითადი პრობლემაც გამოიკვეთა. კერძოდ, მოსამართლემ კახა კალაძის სარჩელი „არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში, სარჩელის შეტანიდან 5 თვეში განიხილა“. „მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვა პირების სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევებშიც“.

ამასთან, მოსარჩელემ არ წარმოადგინა, არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჟურნალისტის ნათქვამის „ცილისმწამებლურ ხასიათს“ დაადასტურებდა. ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი „არაერთი მტკიცებულებისა“, მოსამართლემ „საკმარისი დრო“ არც მათ გამოკვლევას დაუთმო.

გარდა ამისა, „სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის, ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია თბილისის მერის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია“.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებებზე, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა, რომ სარჩელის რეალური მიზანი არათუ მოსარჩელის პატივისა და ღირსების დაცვა, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების და ხელისუფლების რეპუტაციის დაცვა იყო. ხოლო მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია ცილისწამების დავა ეხებოდეს სახელმწიფოს ან ადმინისტრაციული ორგანოს არაქონებრივი უფლებების დაცვას“, – ნათქვამია „დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებაში.

კალაძის ადვოკატის პოზიცია

თავის მხრივ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ თქვა, რომ სასამართლო დაადასტურა, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერმა ტენდერებიდან 60 მლნ მოიპარა, იყო „ცილისწამება“ და „ცრუ ინფორმაცია“.

„დაევალა ტელეკომპანიას და მაია მამულაშვილს ამ ცრუ, ტყუილი ინფორმაციის უარყოფა იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც გავრცელდა. ეს არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა მან.

ადვოკატის თქმით, ტელევიზიისთვის და ჟურნალისტისთვის დაკისრებული 15 000 ლარი ნამდვილად სოლიდური თანხაა, მაგრამ „მეტიც შეიძლებოდა“. „უფრო მეტ კარგ საქმეს გავაკეთებდით ამ თანხით, ცოტა მეტი რომ დაეკისრებინა სასამართლოს“, – ხაზი გაუსვა მან.

„ტელეკომპანია პირველის“ გამოხმაურება

სასამართლოს გადაყვეტილებას Facebook-ით გამოეხმაურა „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და თქვა, რომ სასამართლომ ტელეკომპანიის და მისი ჟურნალისტი მხოლოდ იმიტომ დააჯარიმა, რომ კახა კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა

მანვე აღნიშნა, რომ „ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს. „შესაბამისად, შემდეგ ნაბიჯი იქნება [კახა] კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული, მაცივარი და ან ტელევიზორი“, – ხაზი გაუსვა მელაძემ.

„ველოდებით აღსრულების სამსახურს, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად“, – აღნიშნა მელაძემ და დედაქალაქის მერს მიმართა – „ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა, ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button