ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ სამი ტრანსგენდერი კაცის სარჩელი დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ სამი ტრანსგენდერი კაცის სარჩელი დააკმაყოფილა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.

სასამართლომ საქართველოს თითოეული მოსარჩელისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ევროს, სამიდან ერთ-ერთი მოსარჩელისთვის კი – ხარჯების ასანაზღაურებლად დამატებით 9 812 ევროს გადახდა დააკსირა.

საქმეზე „ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, სამმა ტრანსგენდერმა კაცმა სტრასბურგის სასამართლოს იმ მოტივით მიმართა, რომ მათ საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარება ვერ მოახერხეს, ვინაიდან მათ სქესის შეცვლის ოპერაცია არ ჰქონდათ ჩატარებული.

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 78 (ზ) მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია სქესის შეცვლა.

თავის გადაწყვეტილებაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში სქესის ცვლილების უფლება საქართველოში 1998 წლიდან არსებობდა, ფაქტიურად, არ ყოფილა გენდერის წარმატებული სამართლებრივი აღიარების არცერთი შემთხვევა“.

მან ასევე განაცხადა, რომ „მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობის უზუსტობამ ხელი შეუშალა პრაქტიკაში გენდერის სამართლებრივი აღიარების ხელმისაწვდომობას, ხოლო მკაფიო სამართლებრივი ბაზის არარსებობამ ადგილობრივ ხელისუფლებას გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილება მიანიჭა, რასაც განაცხადების განხილვისას, შესაძლოა, თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება მოჰყვეს“.

„ასეთი სიტუაცია სრულიად ეწინააღმდეგება მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები უზრუნველყოს“, – განაცხადა სასამართლომ.

სარჩელის შეტანის საფუძვლები 

პირველმა და მეორე მოსარჩელემ სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის პროცესი საკუთარი სახელების მამაკაცის სახელებზე ოფიციალური შეცვლით 2014 წლის 29 მაისს და 2015 წლის 22 იანვარს სამოქალაქო რეესტრში საჭირო დოკუმენტების წარდგენით დაიწყეს. მალევე ორივემ ფსიქოლოგის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობებიც მიიღო, სადაც მათ დაესვათ დიაგნოზი „გენდერული იდენტობის დარღვევა (ტრანსსექსუალიზმი)“.

ამ დიაგნოზის საფუძველზე მათ სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში სქესის/გენდერის ნიშნის შეცვლის თხოვნით რეესტრს მიმართეს, რომელმაც მათ უარი იმის გამო უთხრა, რომ სქესის შეცვლის ოპერაცია არ ჰქონდათ ჩატარებული.

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო სასამართლო პროცესებზე გაირკვა, რომ ერთ-ერთმა მოსარჩელემ ჰორმონალური მკურნალობა და ორივე სარძევე ჯირკვლის მოკვეთის ოპერაცია ჩაიტარა, თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 78 (ზ) მუხლის საფუძველზე. ორივე მათი მცდელობა მას შემდეგ დასრულდა, რაც უზენაესმა სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მათი სარჩელები 2016 წლის 24 ნოემბერს და 2017 წლის 9 მარტს.

მესამე მოსარჩელემ, რომელმაც სქესის შეცვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჰორმონალური მკურნალობა ჩაიტარა, გასაჩივრების უფრო ხანგრძლივი პროცესი გაიარა როგორც რეესტრთან, ისე სასამართლო სისტემაში.

რეესტრმა მოსარჩელე მამაკაცის ტრადიციული სახელით 2011 წლის 15 თებერვალს დაარეგისტრირა. მოგვიანებით, 2015 წლის 9 თებერვალს, მან რეესტრს განაცხადით მიმართა სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 78 (ზ) მუხლის საფუძველზე სქესის ქალიდან მამაკაცზე შეცვლის თაობაზე. განაცხადის გასამყარებლად, მან იგივე დიაგნოზი „გენდერული იდენტობის დარღვევა (ტრანსსექსუალიზმი)“ წარადგინა. თუმცა, რეესტრმა ჩათვალა, რომ ეს დიაგნოზი ჩანაწერებში ცვლილების შეტანის საფუძველს არ წარმოადგენს.

2015 წლის 8 ივლისს, მან რეესტრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ მიზეზით, რომ 78 (ზ) მუხლი „არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ის მოითხოვს სქესობრივი მახასიათებლების შეცვლას და ის ფაქტი, რომ მოსარჩელე თავს კაცად თვლიდა, რაც 2014 წლის 31 ოქტომბერს გაცემული სამედიცინო დასკვნით დადასტურდა, მის მიერ გავლილ ჰორმონალურ მკურნალობასთან და „მის სოციალურ ქცევაში, გარეგნობასა და ჩაცმის სტილში არსებულ ცვლილებებთან ერთად, საკმარისი უნდა იყოს ზემოთხსენებული სამართლებრივი ნორმის მიზნებისთვის“.

ორი დამატებითი სარჩელი რეესტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ასევე არ დაკმაყოფილდა. საბოლოო ჯამში, მესამე მოსარჩელემაც გადაწყვიტა, რომ სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელს შეერთებოდა მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო ხელსაყრელი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოდან.

თავის გადაწყვეტილებებში, სამოქალაქო რეესტრი ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ზუსტად არ განმარტავს რას წარმოადგენს „სქესის შეცვლა“. მიუხედავად ამისა, ის დასძენს, რომ განმცხადებლებმა ბიოლოგიური და/ან ფიზიოლოგიური სქესობრივი მახასიათებლების შეცვლის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა უნდა წარმოადგინონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button