ახალი ამბები

„საია“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ქართული ოცნების მიერ 14 ნოემბერს ინიცირებულ ცვლილებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკომისიის, სხვა საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს“.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის სახელზე 18 ნოემბერს გაგზავნილ შეფასებაში „საია“ აგრეთვე განმარტავს „შემოთავაზებული ცვლილებები ფრაგმენტული ხასიათისაა და არ ემსახურება მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას“.

ორგანიზაციის განცხადებით, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები სრულიად უგულებელყოფს კლანურ მმართველობას, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობას, როგორც სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევას. გარდა ამისა, „საიას“ თქმით, კანონპროექტი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას ითვალისწინებს.

„ეს ინსტიტუტი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მთავარი დასაყრდენია. შესაბამისად, ძალაუფლების კონცენტრაციის შემცირების მიზნით, მისი წევრები თანამდებობაზე უნდა დაინიშნონ კონსენსუსის წესით – მათ დანიშვნას მხარი უნდა დაუჭიროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რათა გამოირიცხოს ლოიალობის პრინციპით დანიშვნა და არჩეული პირების მიმართ არსებობდეს ნდობა“.

ამასთან, „საიაში“ აგრეთვე მიიჩნევენ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისას თავმჯდომარეების კვოტა და საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის შესაძლებლობაც უნდა გაუქმდეს.

ორგანიზაციის მოსაზრებით, ცვლილებები უნდა შევიდეს მოსამართლეების დანიშვნა/ნომინირების ნაწილშიც. კერძოდ, საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისთვის საჭირო უნდა იყოს ხმების ორმაგი 2/3 რაოდენობა, ანუ მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ხმების 2/3-2/3. „კონსენსუსს უნდა დაეფუძნოს პარლამენტში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებაც“.

„კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებშიც, მოსამართლეთა დანიშვნაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ორმაგი 2/3-ის პრინციპით“.

„საიაში“ ასევე მიაჩნია, რომ რეფორმა აუცილებლად უნდა შეეხოს სასამართლოს თავმჯდომარეების საკითხსაც და ისინი არა საბჭომ, არამედ თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ. ამასთან, ამ თანამდებობის ზედიზედ ორჯერ დაკავებაც არ უნდა იყოს შესაძლებელი, უნდა გაუქმდეს თავმჯდომარის მოადგილის, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეების ადმინისტრაციული პოზიციებიც.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ მოსამართლის პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს წევრთა 2/3 უნდა იყოს საჭირო და არა მხოლოდ მოსამართლე წევრების ხმები.

„საია“ ასევე აღნიშნავს, რომ 2021 წლის ბოლოს მოსამართლეთა მივლინების ვადა 4 წლამდე გაიზარდა. ამასთან, საბჭოს აღარც მოსამართლის თანხმობა ესაჭიროება და არც ამ გადაწყვეტილების განმაპირობებელი კონკრეტული გარემოების მითითება. „გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა აპელაციის მოსამართლის მივლინება პირველი ინსტანციის სასამართლოში“.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკეულ ცვლილებებს, რომლებიც ნაწილობრივ აუმჯობესებს გარკვეულ ნორმებს, იგი ღიად ტოვებს სასამართლოში არსებულ ძირითად პრობლემებს“, – აცხადებენ „საიაში“.

ამდენად, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ „ეს მიდგომა ქვეყანას აშორებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას და წარმოადგენს კიდევ ერთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას მართლმსაჯულების სისტემის არსებით ცვლილებებთან დაკავშირებით“.

  • „საიას“ მოსაზრების სრული ტექსტისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button