ახალი ამბები

არასამთავრობოებმა ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიშები გამოაქვეყნეს

არასამათავრობო ორგანიზაციებმა – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიშები გამოაქვეყნეს, რომლებშიც სხვა საკითხებთან ერთად, არჩევნებზე გამოვლენილი სავარაუდო დარღვევები, 5 ივლისის ძალადობრივი აქცია, კოვიდ-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გამოვლენილი ძალისხმევა, სასამართლო სისტემაში დანიშვნები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მიყურადების საკითხებია განხილული.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

სამივე არასამთავრობო ორგანიზაციამ 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშებში ყურადღება გაამახვილეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევვნებზე გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე, როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თქმით, არჩევნების დღეს შექმნილმა „დაძაბულმა გარემომ“ გავლენა იქონია ამომრჩევლის ქცევაზე და რიგ შემთხვევებში, ხელი შეუშალა საარჩევნო უფლების თავისუფალ რეალიზებას. ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობის, პოლიტიკურად მოტივირებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები „ქმნიდა ნეგატიურ ფონს და კიდევ უფრო აღრმავებდა არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, „ანტაგონიზმმა და მტრულმა რიტორიკამ“, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულმა ხარვეზებმა პოლიტიკურ „პოლარიზაციასა“ და „რადიკალიზაციას“ შეუწყო ხელი.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ვითარების რადიკალიზებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი, პოლარიზებული გარემო გააღრმავა, რის ფონზეც „მცირე პოლიტიკური პარტიების გავლენები და საარჩევნო მაჩვენებელები კიდევ უფრო შესუსტდა“.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასებით, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა არაერთმა „სერიოზულმა“ დარღვევამ „ეჭვქვეშ დააყენ[ა] არჩევნებისათვის სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი გარემოს არსებობა და შეასუსტეს საბოლოო შედეგის მიმართ ნდობა“.

5 ივლისის ძალადობა და შეკრების თავისუფლება

სამივე არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე ყურადღება გაამახვილა 5 ივლისს, ლგბტ+ თემის მხარდამჭერი „ღირსების“ მარშის წინააღმდეგ გამართულ ძალადობრივ აქციასა და ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე, რა დროსაც 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა.

„საიას“ შეფასებით, „სახელმწიფომ არ უზრუნველყო ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა. შედეგად, „თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა და ლგბტქი პირებს ფაქტობრივად წაერთვათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, საქმეზე გამოძიება „ფრაგმენტულად“ მიმდინარებს და „აშკარად არ იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური ნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორებს“. აღნიშნულის ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ულტრამემამრჯვენე ჯგუფის მიერ ინტერნეტტელევიზია „ალტ-ინფოსა“ და პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, ასევე პოლიტიკურ ველში „მკვეთრად ანტიდემოკრატიული“ ძალების შემოსვლაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

შეკრების თავისუფლების კონტექსტში, არასამთავრობოებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც გააკრიტიკეს, რომელთა მიხედვითაც, სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციები გამკაცრდა. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თქმით, ხელისუფლება გამკაცრებულ წესებს სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ „რეპრესიებისთვის“ იყენებს.

კოვიდ-19-ის პანდემია და სოციალური საკითხები

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განაცხადეს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო დაამძიმა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თქმით, შეზღუდვების გამო გაჩერებული ეკონომიკური საქმიანობის გამო ბევრმა ადამიანმა შემოსავალი დაკარგა, რამაც „საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო და საკრედიტო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების საკითხი“.

ორივე არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ გაფიცვასა და სოციალურ პროტესტზე, რა დროსაც, დასაქმებულები ხელფასების მატებასა და სათანადო შრომით პირობებს ითხოვდნენ. „სოციალურის სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, სახელმწიფო მსგავსი ტიპის გაფიცვებსა და პროტესტზე „სწრაფად“ და „ადეკვატურად“ არ რეაგირებდა.

ორგანიზაციისვე განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დღის წესრიგიდან სრულად იყო ამოვარდნილი პანდემიის შემაშფოთებელი ადამიანიური და სოციალური შედეგები; მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ინფილაციის უპრეცედენტო მასშტაბების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა; ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული რეფორმების საკითხები.

შეაფასა რა ხელისუფლების მხრიდან პანდემიის მართვის პროცესი „პრობლემურად“, „დემოკრატიულმა ინიციატივამ“ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა „ყურადღების მიღმა დატოვა კოვიდ-პანდემიის სწორად მართვის საკითხი, რამაც სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკონომიკური კეთილდღეობა“.

სასამართლო და სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ გააკრიტიკეს „პოლიტიზებული“ სასამართლო სისტემა და სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფების, ე.წ. „კლანის“ გავლენა.

მათვე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად მიმდინარე წელს სასამართლო სისტემაში განხორციელებული დანიშვნებიც გააკრიტიკეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ აღნიშნა, რომ ე.წ. „კლანი“ „სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას“.

„დემოკრატიულმა ინიციატივამ ყურადღება „პოლიტიკურად მოტივირებულ“ საქმეებზეც გაამახვილა და აღნიშნულის მაგალითებად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ყოფილი ხელისუფლებისდროინდელი თავდაცვის მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის, ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები დაასახელა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებზე საუბრისას, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თქვა, რომ აღნიშნულმა „კიდევ ერთხელ გამოავლინა პოლიტიკურ სისტემაში უსაფრთხოების სამსახურების ჭარბი გავლენები და მათი შეღწევა მიკრო სოციალური ურთიერთობებშიც, რაც სოციალური კონტროლის და უნდობლობის უმძიმეს გამოცდილებას ქმნის“.

პარალელურად, „დემოკრატიულმა ინიციატივამ“ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას „არ ჰქონია სათანადო რეაქცია პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლების შელახვის შემთხვევებზე“. „ხელისუფლებას ასევე არ აქვს ნება, რომ შეცვალოს და გააუმჯობესოს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არღვევს საერთაშორისო და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და უკანონო მიყურადებისა და მსგავსი ტიპის, ფარული საქმიანობისგან რეალურად არ იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button