ახალი ამბები

MONEYVAL საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს 

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) 28 ნოემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს აფასებს.

MONEYVAL-ი ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მათ განხორციელებას აფასებს. მისი ბოლო ანგარიში საქართველოს შესახებ 2020 წელს გამოქვეყნდა.

ანგარიში რიგ გაუმჯობესებებზე ამახვილებს ყურადღებას და მათ შორის ასახელებს ონლაინ კაზინოებისთვის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვას, კაზინოების მფლობელთა და მმართველთათვის ნასამართლეობის არქონის მოთხოვნას, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვების შემცირებას, ასევე საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღებას.

შედეგად, საქართველოს შესაბამისობა ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (Financial Action Task Force) 29-ე რეკომენდაციასთან გაუმჯობესდა და ქვეყანამ „ნაწილობრივ შესაბამისის“ კატეგორიიდან „ძირითადად შესაბამისის“ კატეგორიაში გადაინაცვლა.

თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები საკმარისი არ იყო 22-ე, 28-ე და 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების შესაცვლელად და ამიტომ ამ მხრივ საქართველო კვლავ „ნაწილობრივ შესაბამისის“ კატეგორიაში რჩება.

ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ მართალია ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადაიდგა, კვლავ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაცაა საჭირო. ამასთან, MONEYVAL-ი მოუწოდებს საქართველოს, რომ განაგრძოს ძალისხმევა დარჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მთლიანობაში, საქართველომ „საკმარისი პროგრესს“ მიაღწია ტექნიკური შესაბამისობის ზოგიერთი ხარვეზის აღმოფხვრის მიმართულებით, რომელიც უკავშირდებოდა წინა ანგარიშში მითითებულ ერთ-ერთ რეკომენდაციას.

საქართველომ დარჩენილი ხარვეზების შესახებ ანგარიში MONEYVAL-ს ერთი წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button