Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტში პრემიერმინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ნოემბერს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინტეპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.

პრემიერს სამი კითხვით რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა, რომელთაც მთავრობის მეთაურისგან აინტერესებდათ:

  • რა გააკეთა მთავრობამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და როგორია ხელისუფლების მოლოდინი? რას აკეთებთ ახლა და როგორ სრულდება ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული 12 რეკომენდაცია?
  • რა არის მთავრობის პოზიცია ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებზე და ხედავს თუ არა ხელისუფლება მათში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციისა და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებს?
  • რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად, სასურსათო, ენერგოუსაფრთხოების კუთხით ნაკლებად დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის ფედერაციაზე და ნაკლები ზემოქმედების ბერკეტები ჰქონოდა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზე

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე საუბარი ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო და თქვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს, მათი მხრიდან ამ კითხვის დასმა არის „ნამდვილი ფარისევლობა“.

ამავე კონტექსტში, პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას საქართველოსგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსი მიმდინარე ომის გამო მიანიჭეს, მოლდოვას კი – სტატუსი „ავანსად“, ერთგვარი „წახალისების“ მიზნით მისცეს, რადგანაც ის „არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში“.

მანვე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას „ისტორიული“ კიდევ ერთხელ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „ამაზე ვერავინ იოცნებებდა“. „ცხადად, ნათლად, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი“.

„ასე, რომ მე ვფიქრობ, თუ ადამიანი არ არის მართლაც მტრულად განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ამ კითხვას არ უნდა სვამდეს. ყველასთვის ნათლია, თუ რა იყო მთავარი მოტივაცია, რის გამო არ მიეცა საქართველოს ავანსად საქართველოს სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხაზი გაუსვა რა, რომ „ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“, პრემიერმა ღარიბაშვილმა უთხრა ოპოზიციას, რომ „თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“. „ეს იყო შეთქმულება და ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის თანამონაწილეები ხართ თქვენ ყველანი“.

ამ კონტექსტში მან, კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ევროპარლამენტის მიერ მიღებული „ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო“ რეზოლუცია გაიხსენა და თქვა, რომ ოპოზიციამ მათ ლობისტებთან ერთად ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ „მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება“.

„პირდაპირი მიზეზი მიართვეს ლანგრით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო და გამოეყოთ ამ ჯგუფიდან. მით უმეტეს, რომელი ქვეყანა, რომელიც ათი თავით უსწრებს გნებავთ უკრაინას და გნებავთ მოლდოვას“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის „ღალატი“ და „საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“.

აღნიშნა რა, რომ ქართული ოცნების დეპუტატები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა „ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არავის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, პრემიერმინისტრმა ჰკითხა ოპოზიციონერ დეპუტატებს – „თქვენ რას აკეთებთ?“.

„მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ პირველი პუნქტი – მოახდინეთ დეპოლარიზაცია. ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ“, – მიმართა მან ოპოზიციას და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების გუნდი და პირადად იგი მზად არიან, რომ „ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე“.

ყოფილი თანაპარტიელების განცხადებები შეფასება

პრემიერმინისტრის განმარტებით, ქართული ოცნების პოზიციები მკაფიოდ არის გამიჯნული მათი ყოფილი თანაგუნდელების პოზიციებისგან და მათ შორის „მთელი რიგი განსხვავებებია“. „ისინი [იმიტომ[ რჩებიან უმრავლესობაში, რომ [წინააღმდეგ შემთხვევაში] ქართული ოცნება დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ გვექნება პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და „მით უმეტეს დეპუტატებს, როგორ შეიძლება ვიღაცამ შეუზღუდოს ეს კონსტიტუციური უფლება“. „ეს მათი არჩევანია. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით და ამის თაობაზე მე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე განმარტა, რომ მისი, როგორც პრემიერისა და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ვალდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობების „მაქსიმალურად“ შენარჩუნება და განმტკიცებაა. „არა მხოლოდ მათთან, რეგიონში ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა“.

„ჩემი პოზიცია არის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი – ჩვენ გვაქვს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ისურვა, რომ „უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე აშშ-ის ელჩის მისამართით“.

„მე ასე მიმაჩნია, ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო კითხვები დავსვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ“, – განაცხადა მან და დაამატა – „ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფების მიყენება, ესაა დაუშვებელი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“.

„ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ ვართ ერთი უძველესი ერი, 3 000 წელზე მეტი ისტორიით, ჩვენი კულტურით, ცივილიზაციით, ენით, სარწმუნოებით და ჩვენ გვჭირდება ძალიან პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება, ესაა ჩემი პოზიცია“, – ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურმა.

რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება

რუსეთზე ქვეყნის ენერგო და ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებაზე დასმული კითხვის პასუხი პრემიერმა ღარიბაშვილმა ყოფილი ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო და თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სწორედ მათ შემოიღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი და „არაერთი სტრატეგიული ენერგოკომპანია, ობიექტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გადასცა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს“.

„ამის შემდეგ, ეს ადამიანები ჩვენ რა უფლებით გველაპარაკებიან საერთოდ ან ენერგოდამოუკიდებლობაზე, ან ეროვნულ ინტერესებზე, ან [რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო] სანქციებზე მიერთებაზე“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

მანვე ოპოზიცია ქვეყნის ეკონომიკისა და ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ მიზნით ჩამოიყვანეს საქართველოში, რომ „აქ მომხდარიყო რევოლუცია“.

„რა თქმა უნდა, ეს ჩაუვარდათ, ყველას ჩაუვარდება. ყველას გაეცემა უმკაცრესი პასუხი. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს მეგობრებო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ოპოზიციის ნაწილის უკრაინელი „კოლეგებისა“ და „პარტნიორების“ მიერ საქართველოში „მეორე ფრონტის დაანონსება“ გაიხსენა.

„მათი იდეური პარტნიორები, თანამშრომლები და მეგობრები არიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები…. მათ ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში… ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის მისამართით და იკითხა – „ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას?“.

„ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო აქ. ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ. ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დასასრულს, მან მოუწოდა ოპოზიციას, რომ თუ სურთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიიღოს, კეთილი უნდა ინებონ და იმუშაონ „ჩვენს ძვირფას კოლეგებთან ერთად“. „თუ არა და, შეეშვით ამ სიყალბეს, ქვეყნის მტრობას და დაასრულეთ საბოტაჟი”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დეპუტატების განცხადებები

  • ქართული ოცნება

პრემიერის გამოსვლა დეპუტატებმა შეაფასებეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები არა პრემიერის, არამედ საპარლამენტო კომპეტენციების იყო, ირაკლი ღარიბაშვილმა მათ „სათანადო პასუხი გასცა“.

აღნიშნა რა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება ძალიან რთულ გარემოში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უნდა გაგრძელდეს ეს დაწყებული გზა“. „ჩვენ გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის შენარჩუნება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე გაგრძელდება პროცესები პრემიერის ხელმძღვანელობით“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ „პრემიერმა ძალიან ზუსტი შეფასებები მისცა იმ ფარისევლურ და მლიქვნელურ განცხადებებს, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ მრუდე პოლიტიკური წარმოდგენების მქონე პროვოკაციული ძალებისგან“.

„[პრემიერმა] ჩაახედა [ოპოზიცია] სარკეში და საზოგადოებას კარგად დაანახა, თუ ვინ დადის მოღალატეობრივი გზით. ვის არ სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში და ვის უნდა საქართველოში მეორე ფრონტის, ცეცხლის დანთება. ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ეს არის [გიორგი] ვაშაძე, ე.წ. ტროიკა და ყველაფერი ის, რაც ჩვენი ქვეყნის პროგრესს უკავშირდება მათთვის მიუღებელია და ზიზღს იწვევს“, – ხაზი გაუსვა მან.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეალური დემოკრატიული რეფორმები ამ ქვეყანაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, საზოგადოებასთან ერთად, განახორციელა ქართული ოცნების ხელისუფლებამ“, – განაცხადა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ შეძლეს „ძალიან ურთულეს პირობებში მძიმე გამოწვეყვებზე პასუხების მომზადება“ და „ძალიან სერიოზული რეფორმების გატარება“. „წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებსაც მე დრწმუნებული ვარ, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მისი კაბინეტი შეასრულებს წარმატებით“, – დასძინა მან.

  • ოპოზიცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პრემიერ ღარიბაშვილს უთხრა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ფასადურია და „ნუ გადააბრალებთ ოპოზიციას, ნუ გადააბრალებთ სხვას“. „თქვენ არცერთ რეკომენდაციას არ მიიღებთ… ყველა ცვლილება ნიშნავს თქვენი ძალაუფლების შემცირებას“.

„თუ გინდათ აჩვენოთ, რომ მართლა რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ თქვენ გყავთ უმრავლესობა… თქვენი გასაკეთებელია. ამიტომ თუ [კანდიდატის] სტატუსი ვერ მიიღო საქართველომ, ეს იქნება პირდაპირ ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ოლიგარქიული მმართველობის შედეგი“, – დასძინა მან.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, „პრობლემა ის არის“, რომ „[ქართული] ოცნება დაკავებულია არა რეკომენდაციების და 12 პუნქტის შესრულებით, არამედ დაკავებულია ალიბების შექმნით, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე გადააკისროს ოპოზიციას“.

„თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, იმ რეფორმებით, რომელსაც თქვენ ატარებთ, ეს ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ თუ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ, ამაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ“, – მიმართა მან პრემიერ ღარიბაშვილს.

პარტია ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ „პრემიერმინისტრის გამოსვლაში არ ჩანდა ანგარიში იმ ათიათასობით ადამიანის წინაშე, ვინც 3 ივნისს რუსთაველის გამზირზე იდგა ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული სახელმწიფო“.

„ისტორია განსჯის მათ, ვინც ეხმარებოდა საქართველოს ევროპულ გზაზე და ასევე განსჯის მათ, ვინც ხელს უშლის და ხელს უშლიდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – დასძინა მანვე.

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატის, ხათუნა სამნიძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პრემიერს ევროპულ მომავალზე ესაუბრა, მან წარულზე საუბარი და ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა ამჯობინა.

„ძალიან კარგად იცის თქვენმა გუნდმა, რომ ევროპული მომავალი არის ჩვენი მთავარი არჩევანი და მთელი ქვეყანა დგას ამ მხარეს. არავინ აქ, ამ ქვეყანაში და პარლამენტში მითუმეტეს, არ არის სხვა მხარეს, ყველას ერთად გვინდა, რომ მივიღოთ სტატუსი და ამ პროცესში პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი ხელისუფლებაზეა“, – უთხრა მან ირაკლი ღარიბაშვილს.

პარტია მოქალაქეების დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერს ჰკითხა აწუხებს თუ არა ის ფაქტი, რომ გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან. მანვე ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ჰკითხა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება, ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ირაკლი ბებუასა და ქრისტინე თაკალანძის გამოსახსნელად.

„რას აკეთებთ იმისთვის, რომ ზოგადად თავდაცვა და უსაფრთხოება გაძლიერდეს, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გვიბედავდეს?“, – მიმართა მან პრემიერ ღარიბაშვლს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button