skip to content
ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ არასამთავრობოების დაფინანსების რეგულირებას ითხოვს 

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების მიერ შექმნილმა საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის 16 ნოემბრის მოსმენასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული ოცნების დეპუტატების მსგავსად, აღნიშნა, რომ აშშ-ის დაფინანსება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებზეა მიმართული, რაც „საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“. ამიტომ, მათი მოსაზრებით, ეს დაფინანსება „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს“.

18 ნომებრის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ნაცმოძრაობასთან მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ“. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი ენჯეოებზე არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება“, – აღნიშნა მოძრაობამ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების შესაბამისად არ იმართება, სრულფასოვანი სახელმწიფო არაა“. „ხალხის ძალამ“ ასევე აღნიშნა, რომ „თანამედროვე სამყაროში ამ ცნებებმა სრული პერვერსია განიცადა“ და ამის მაგალითებად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა დაასახელა.

ამავე განცხადების თანახმად, კანდიდატის სტატუსის თემა „ჩვენთვის მოიგონეს“, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი არა, რაც „საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული“.

„ხალხის ძალამ“ ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირებასთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს, „საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად“, უახლოეს მომავალში მოამზადებს.

ირაკლი კობახიძის გამოხმაურება

არასამთავრობო სექტორის დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში“ მოქცევის შესახებ ყოფილი თანაპარტიელების ინიციატივას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ „NGO სექტორის სიკვდილი“ მათი მიზანი არ არის.

„ვნახავთ რა არის ინიციატივის შინაარსი, ამის მიხედვით ვიმსჯელებთ. არავის არავისი სიკვდილი არ უნდა“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ „როცა იქნება წარმოდგენილი, რეგლამენტის მიხედვით განიხილება ნებისმიერი ინიციატივა, მათ შორის, ესეც“.

„წავიკითხე [მათი განცხადება], ისინი ამბობენ, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად რაღაცა უნდათ, შემოგვთავაზონ. ვნახავთ, რა არის ეს, რამდენად შეესაბამება დასავლურ პრაქტიკას და ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 18 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button