ქართულ ოცნებას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს
მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს, ქართულ ოცნებას კიდევ 5 დეპუტატი გამოაკლდა და პარტიიდან გასულთა რიგებს შეუერთდა, ფრაქცია ქართულ ოცნებას 150-წევრიან პარლამენში 75 დეპუტატი დარჩა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა, უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ, პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრთა ახალი სია წარედგინება.
ირაკლი კობახიძის გამოხმაურება
პარტიიდან კიდევ 5 თანაგუნდელის გასვლას, დღესვე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და განმარტა, რომ ღირებულებით ნაწილში მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამიტომ ისინი „გაყოფის მიუხედავად“, საპარლამენტო უმრავლესობაში ერთად დარჩებიან.
„ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ოცნებიდან“ წასულები „პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ, მათ შორის, 12 რეკომენდაციის გარშემო პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)